2027 წელს სახელმწიფო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს - ამას ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტი, რაც ფინანსთა სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. რაოდენობრივად, იურისტების მომსახურების გასამრჯელო 2027 წელს 5 მილიონი ლარით მცირდება.
მომდევნო წელს სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც იურისტების მომსახურების ხარჯები იქნება გაწეული სავარაუდოდ ENKA-სთან წაგებული საარბიტრაჟო დავის აღსრულების შეჩერებისთვის აშშ-სა და საფრანგეთში მიმდინარე პროცესები იქნება, რომელზეც მთავრობას საერთაშორისო იურიდიული ფირმა WHITE & CASE-ი ჰყავს დაქირავებული. აღნიშნულ წაგებულ დავაში საქართველოს გადასახდელი აქვს 443 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, რასაც ყოველდღიურად პროცენტიც ემატება.
თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, რვა მიმდინარე დავის ფარგლებში ჯამური მოთხოვნა 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარს. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (7 დავა), 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საარბიტრაჟო დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაცია არაერთ შემთხვევაში კონფიდენციალურია, თუმცა საჯაროდ ცნობილია რამდენიმე დავის ჯამური მოთხოვნა:
• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. 2020 წლიდან დღემდე იურისტებისთვის გადახდილი თანხები 276 მილიონი ლარია, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 192 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 43 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 25 მილიონი ლარი არის გადახდილი.
| საერთაშორისო იურიდიული კომპანია: | ხელშეკრულებების რაოდენობა | ჯამური თანხა (GEL) 2020-2026 წლებში |
| White & Case LLP | 9 | 192 442 424.21 |
| AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino | 2 | 43 190 854.28 |
| Dechert (Paris) LLP | 2 | 25 289 568.51 |
| Haussmann Associés Squire Patton Boggs | 1 | 5 543 834.23 |
| Hogan Lovells International LLP | 1 | 3 347 878.02 |
| Allen Overy Shearman Sterling S.R.O | 1 | 3 100 706.20 |
| Shearman & Sterling LLP | 2 | 1 982 778.45 |
| Withers LLP | 1 | 1 811 626.60 |
| CMS CMNO LLP | 1 | 217 879.92 |
| Dr. Claudia Annacker | 1 | 168 219.01 |
| სულ | 20 | 276 095 770.43 |
























