მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 2023 წელს ჩაინგრა 2027 წელს გაიხსნება - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა 2027 წელს გაიხსნება. "პირველი არხის" ეთერში მინისტრმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ 2026 წელს ამ პროექტის დასრულება ვერ მოესწრება.

"მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამწუხაროდ, წელს, სამტრედიის ხიდის გახსნა ვერ მოხერხდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავაჩქაროთ ეს პროცესი, რომ მოსახლეობას უკვე მალე შეეძლოს ამ მაგისტრალით სარგებლობა და თბილისიდან ბათუმამდე შეუფერხებლად გადაადგილება", - განაცხადა სოხაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ყველაზე გრძელი - 810-მეტრიანი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა და მისი აღდგენა ამ დრომდე არაა დასრულებული.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის პირველი ლოტი 11.5-კილომეტრისგან შედგება. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. თავდაპირველი კონტრაქტით პროექტი 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კონტრაქტორმა კომპანია Altcom-მა 18.3 მილიონი ევროს ავანსის საზღაურად გზის მხოლოდ 24% ააშენა. 2017 წელს კი მასთან კონტრაქტი შეწყდა და საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანია Akkord-მა გაიმარჯვა. 2018 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული კონტრაქტით, რომლის ღირებულებაც 89 მილიონ ლარს შეადგენდა სამუშაოები 24 თვის ვადაში, ანუ 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა კომპანიამ გზის და ხიდის მშენებლობა მიატოვა.

2021 წელს კი მთავრობამ პროექტის საბოლოო კონტრაქტორის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც ₾73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

2023 წლის 21 თებერვალს კი მდინარე რიონზე აგებული 810-მეტრიანი ხიდი ჩაინგრა. ჩანგრეული ბურჯი სწორედ კომპანია Akkord-ის მიერ იყო აგებული. 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხიდის ჩანგრევა კომპანია Akkord-ის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა.

2024 წლის ბოლოს ხიდის დემონტაჟის და სრული რეაბილიტაციის შესახებ სახელმწიფომ კონტრაქტი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტს" გაუფორმა, რომელიც ადგილზე ახორციელებს სამუშაოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები