მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

მაგისტრალი

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ლანჩხუთი-ლესას 8-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მონაკვეთი დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს. ამ გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის ჯამური სიგრძე 12 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 8 კილომეტრის მონაკვეთი დღეს გაიხსნა.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოებმა საბოლოოდ 2025 წლის დეკემბრამდე გადაიწია.

აღნიშნული გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, რადგანაც პროექტზე თავდაპირველი ხელშეკრულება იტალიურ-ყაზახურ საინჟინრო კომპანია Todini-სთან 2017 წლის ივნისში იყო გაფორმებული, თუმცა უკვე 2018 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო, რომ კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებდა. კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ხოლო Todini-სთან ასეულ მილიონიანი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში გზის ღირებულება 138 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა განახლებული ტენდერის შედეგად, მისი საფასური მკვეთრად გაიზარდა და ის ამჟამად 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.

გზა გვერდს უვლის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ლანჩხუთს, გვიმრალაურს, ჭალას, ქვემო ჩიბათს, ლესას და ნიგვზიანს.

გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტით დაფინანსდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის დარჩენილი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი, ასევე გრიგოლეთი ქობულეთის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი 2026 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ასევე აქტიურად გრძელდება მუშაობა სამტრედია გრიგოლეთის პირველი მონაკვეთზე ჩავარდნილი ხიდის აღდგენის სამუშაოებზე, რაც ასევე მომდევნო წელს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები