საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება
დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძესთან ერთად გაეცნო.
სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.
მაგისტრალური გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გაივლის.
აღნიშნული მონაკვეთის გახსნა აპრილში იგეგმებოდა, თუმცა როგორც აპრილში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა.
გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, ხოლო დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნამ 2026 წლის ზაფხულამდე გადაიწია.




























