მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში შემნახველი მეურნეობა ამოქმედდა - ინვესტიცია 0.5 მლნ ლარი

შემნახველი მეურნეობა
BM. GE
02.08.23 10:30
65

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“  ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „კაილაში“ იმერეთში, სამტრედიაში მარცვლეულის შემნახველი საწარმო მოაწყო. 


შემნახველი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ დაათვალიერეს. 


კომპანიამ „კაილაში“, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი შემნახველი მეურნეობის  მოსაწყობად,  „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ 450,000 ლარის ოდენობის სესხი მიიღო, საიდანაც 270,000 ლარს სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს.  შპს „კაილაშისა“ და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი  სიმინდის მოსავლის  თანამედროვე სტანდარტებით შენახვას პროგრამის ფარგლებში შექმნილი  1,000 ტონა მარცვლეულის შენახვაზე გათვლილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. შემნახველ საწარმოში 8  ადგილობრივია დასაქმებული.
„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში” იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში შექმნილი შემნახველი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბინავების და შემდგომში რეალიზების  პროცესის შეუფერხებელ განხორციელებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ. 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის,  მზია გიორგობიანის განცხადებით, რეგიონების განვითარებისთვის, ადგილზე არსებული ბიზნესის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს და, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა.


ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს,  საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს  ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.

 
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საწარმო დაფინანსდა.  ჯამურად,  დამტკიცებული სესხის ოდენობამ 32,6 მლნ  ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს  თანადაფინანსების მოცულობა 19,2 მლნ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები