მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედიაში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ₾300 მლნ მოხმარდება - მას ბიუჯეტის გარდა, KFW დააფინანსებს

სამტრედია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, 15 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, წყალმომარაგების, დაახლოებით 200კმ-იანი ქსელის რეაბილიტაცია/მშენებლობა, SCADA სისტემის მოწყობა. სრულად განახლდება საფილტრე გალერეები და საქლორატორო. პროექტს 130 მლნ ლარი მოხმარდება, რის შედეგადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობა უნდა შეძლონ.

გარდა ამისა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებსაც გეგმავს. ამ ეტაპზე, სატენდერო პროცედურების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით დაგეგმილია: 5 კმ-იანი სიგრძის მთავარი კოლექტორისა და 16 სატუმბი სადგურის მშენებლობა, წყალარინების 145 კმ-იანი ქსელისა და საკანალიზაციო ჭების მოწყობა. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კმ სიგრძის სანიაღვრე სისტემა.

ჯამში, ქალაქ სამტრედიაში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები