მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედიაში UEFA-ს III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე ₾1.7 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება - დეტალები

სამტრედია

ქალაქ სამტრედიაში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება. 6 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირების პროცესი უკვე დაწყებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საფეხბურთო სტადიონის პროექტის კონცეფცია დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სტადიონის პროექტირების საერთო ღირებულება 1.7 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო პროექტირების დასრულების ვადა 8 თვემდე განისაზღვრა. პროექტს მოამზადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპსგურგენიძე არქიტექტურა“.

UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი აშენდება წყალტუბოშიც, რომელზეც ინფორმაცია პირველად წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა "სამგურალი" გაავრცელა. 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ Facebook "პოსტში" აღნიშნულია, რომ, პროექტირების შემდეგ სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, მშენებლობა კი 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

"საერთო ჯამში სტადიონის მშენებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"წყალტუბო არენა" - ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება", - ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს გუნდების გასახდელებისა და საშხაპეების, მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების, დოპინგკონტროლის სივრცის, მედიაცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ასევე დაგეგმილია უსაფრთხოების, აუდიოვიზუალური და თანამედროვე საინჟინრო სისტემების ინტეგრირება.

სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული დანიშნულების სივრცეებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები