საქართველოში გერმანიის ელჩი ევროკომისიის მიერ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს მოჰყვება შედეგები. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ და ევროკავშირში ყოველთვის გელით. თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის წევრიც გახდეთ. ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ამჟამად კი თქვენ ევროკავშირს შორდებით“, - წერს პეტერ ფიშერი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ძალაში შევიდა საქართველოში გაცემული დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ამით ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს მიღებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.
ამასთან, ევროკომისია წევრ ქვეყნებს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციით მიმართავს. დღეს, 6 მარტს, ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას.




























