ევროკომისია წევრ ქვეყნებს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციით მიმართავს.
დღეს, 6 მარტს, ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას.
დღესვე ძალაში შევიდა საქართველოში გაცემული დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ამით ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს მიღებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.
ევროკომისია აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან საქართველო არღვევს ამ რეჟიმით აღებულ ვალდებულებებს ისეთ საკვანძო სფეროებში როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები.
დროებითი შეჩერება ძალაში შედის დღეს და გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში - 2027 წლის 6 მარტამდე.
"თუ მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხები საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნება აღმოფხვრილი, კომისიას შეუძლია შეჩერების ვადა მაქსიმუმ 24 თვემდე გაახანგრძლივოს. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ეს ზომა გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში", - წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.




























