მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დიდი რაოდენობით მოიხმარენ პარკებს" - ნინო თანდილაშვილი პლასტიკის პარკის მწარმოებლებს შეხვდა

პარკები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის უწყება სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების რეგულირებას 2026 წლის 1 იანვრიდან იწყებს. პირველ ეტაპზე 6 დასახელების პროდუქტის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი აიკრძალება. საუბარია დანაზე, ჩანგალზე, კოვზზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებსა და სასმლის მოსარევ ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნარჩენების მართვის სისტემურ რეფორმაზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შევამციროთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეები კვლავ დიდი რაოდენობით მოიხმარენ პარკებს, რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. პარკების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა პარკების გამოყენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვიმუშაოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო, გარემოსადმი მეგობრული ალტერნატივების დანერგვაზე", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მწარმოებლების შეფასებით, რეგულაციები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

"აუცილებელია სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რათა ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებული პოზიცია - არც კომპანიები დაზარალდნენ და არც სახელმწიფო ინტერესები", - ამბობს კომპანია „ჯორჯიან პოლიმერის“ დირექტორი, ელგუჯა გონაშვილი.

ცნობისთვის, პლასტიკის პარკების რეგულირების მიმართულებით, მთავრობამ 2018 წელს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც 50 მიკრონამდე სისქის და 45X100 სმ ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პარკები. გაძლიერდა ლაბორატორიული და მაკონტროლებელი უწყებების შესაძლებლობები, მოხდა საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები