მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ არიან" - Tbilisi Balneological SPA Resort-ის დატვირთვა 8%-ით შემცირდა

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი

წელს თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში (Tbilisi Balneological SPA Resort) მომხმარებლების რაოდენობის 8%-იანი კლებაა. ამის შესახებ BM.GE-სთან კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ წელს სექტორზე ტურისტების ნაკლებობა აისახა და მომხმარებლებმა იკლო მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

"მომხმარებლების ნაკადი აგვისტო-სექტემბერში ძალიან ცუდია. ისეთი ტურისტები დადიან საქართველოში, რომ მაღალხარჯველუნარიანები არ არიან, რაც სამწუხაროა. იმედია, ასეთი ტურისტებიც შემოემატება მალე საქართველოს, იმიტომ რომ ველნესში მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი ფული იხარჯება. ტურისტების კლება მარტო ჩვენზე არ ასახულა, სხვა კურორტებთანაც, რა თქმა უნდა, გვაქვს საუბარი და ანალოგიური სიტუაციაა ყველასთან.

ჩვენთან ძირითადად ტურისტები აზიიდან არიან. შარშან, მაგალითად, საამიროებიდან, დუბაიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავდა და წელს ძალიან დაკლებულია ეს მიმართულება", - ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

მისი თქმით, სპა კურორტის ძირითადი სეგმენტი ადგილობრივი მომხმარებელია: "ბავშვებში მოიმატა ცოტა მომართვიანობამ, იმიტომ რომ გააქტიურდა სკოლიოზის და ბრტყელტერფიანობის პრობლემა. არასწორი ჯდომა, გაჯეტები, ყველაფერი ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს", - ამბობს კურორტის ხელმძღვანელი.

მან სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისა და Praline-ის კოლაბორაციით, უკვე გაიხსნა ახალი კაფე. ამასთან, იგეგმება 90-ნომრიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა.

"ჯანსაღი კვების მიმართულებით შემოვიყვანეთ Praline ბალნეოლოგიურში. სასტუმროს წინასწარი გახსნა გვექნება დეკემბერში და ივნისში უკვე მთლიანად გავხსნით. იქნება ჩვენს შენობაში, ზედა ორ სართულზე. ევროპული ბრენდის ქვეშ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შემოდის. 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო", - აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები