მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, "ოცნება" არაპრაგმატული გზით მიდის“ - რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკას?

გია ჯანდიერი

გავაძლიეროთ და გავამრავლოთ ჩვენი უპირატესობები და შევამციროთ ჩვენი სისუსტეები“ - ეს შეიძლება იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისთვის ყველაზე მარტივი რეცეპტი ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით.

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივაზე გია ჯანდიერმა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ისაუბრა.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი იმ ეკონომისტებს შორისაა, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის როლს ნაკლებად ხედავს.

„2022 წლიდან მოყოლებული, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ცხადია, რომ საქართველომ ისარგებლა რუსეთ-უკრაინის ომით“, - თქვა ეკონომისტმა.

გია ჯანდიერის შეფასებით, „სამწუხაროდ, „ოცნება“ არაპრაგმატული გზით მიდის“.

„მგონია, რომ ამ ყველაფერს საქართველოსთვის სიკეთე არ მოჰყვება. ეს პრაგმატულად უნდა დაინახოს „ოცნებამ“. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩემზე ნაკლებად იცის, რუსები ვინ არიან და რას შეიძლება მათგან ველოდოთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ გვჭირდება პრაგმატული ხედვა და ყველა შემთხვევაში ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ პარტნიორების ჩამოცილებით რამე წარმატებას მივაღწევთ. წერტილი უნდა დავუსვათ არაპრაგმატულ ქცევებს. უნდა გავხდეთ ისეთი ქვეყანა, როგორიც ესტონეთია, რომელმაც სწორედ პრაგმატიზმით მიაღწია უზარმაზარ წარმატებას. ყოველთვის ვიყავი მომხრე, ბალტიისპირულ გზას დავდგომოდით“, - განაცხადა გია ჯანდიერმა.

წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა ვრცლად ისაუბრა როგორც საქართველოს ობიექტურ სისუსტეებზე, ისე იმ ღონისძიებებზე, რამაც შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის უპირატესობა გაზარდოს.

„ჩვენი სისუსტეა ის, რომ პატარა ბაზარი ვართ, მაგრამ ამას ვერ შევცვლით; სისუსტეა ისიც, რომ გადასარევი სამეზობლო არ გვყავს - არასტაბილურ რეგიონში ვართ.

ჩვენი უპირატესობა იქნებოდა ის, რომ მაგალითად, გვქონდეს უფრო ნაკლები გადასახადები; მთლიანად გამჭვირვალე იყოს სახელმწიფო აპარატის საქმიანობა, რათა ნებისმიერმა ინვესტორმა, რომელიც საქართველოში ფულის ჩადებას გეგმავს, იცოდეს, ხვალ რა ელოდება...

ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ე.წ. rule of law-ს პრინციპი, რაც ნიშნავს კანონის მმართველობას. ადამიანი კი არ მართავს ქვეყანას, არამედ - კანონი - ეს პრინციპი საბერძნეთიდან მოდის. ამერიკელ რესპუბლიკელებს თუ ჰკითხავთ, რას ნიშნავს კანონის მმართველობა მათთვის, გეტყვიან, რომ ეს ნიშნავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლის გადახედვა არ შეიძლება; ეს არის ამ პრინციპის მთავარი არსი - არ შეიძლება სიტყვის თავისუფლებას და სხვა მთავარ, ფუნდამენტურ უფლებებს ზიანი მიაყენო სხვა მიზნებიდან გამომდინარე.

rule of law-ს პრინციპი ჩვენ განსაკურებით იმიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენგან არავინ ელოდება, რომ გავხდებით ჩინეთის ან ინდოეთის ტოლი ბაზარი - ფაქტია, ვერ გავხდებით. ამდენად, ჩვენგან ელოდებიან, რომ ვიქნებით პრაგმატულ წესებზე დამყარებული ქვეყანა, რომელიც ღიად და გამჭვირვალედ იმოქმედებს და მისი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, რომელსაც ისინი ელოდებიან. პირობითად, დასავლეთს სურს, ჩვენგან დაინახოს, რომ მათსავით ვუფრთხილდებით სასამართლო სისტემას, კერძო საკუთრებას, ადამიანის უფლებებს... ამ შემთხვევაში, ისინი თანახმა არიან, რომ თავიანთ კლუბში მიგვიღონ და შეგვეძლება, ყველა იმ უპირატესობით ვისარგებლოთ, რაც ევროპულ ქვეყნებში არის.

სამწუხაროდ, ფაქტია, დღეს ამ გზაზე არ ვართ... კახა ბენდუქიძე ამბობდა ხოლმე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც მუშაობს და ყველაფერი უნდა უარვყოთ, რაც არ მუშაობს. მისი ხედვა პრაგმატიზმისკენ იყო მიმართული; როდესაც ჩვენ ევროკავშირზე ვსაუბრობთ, საკუთარ ინტერესებზე უნდა ვისაუბროთ და მგონია, რომ EU საუკეთესო სამყაროა, იმიტომ კი არა, რომ ბავშვობიდან ასე შთამაგონეს, არამედ იმიტომ, რომ წაკითხული მაქვს უამრავი გამოკვლევა, იქ როგორაა დაცული ადამიანის უფლებები, როგორია სასამართლო სისტემა და .. მირჩევნია, ისეთ კლუბში ვიყოთ გაერთიანებული, სადაც ვიცი,რომ ჩემს უფლებებს არ დაარღვევენ და თუ დაარღვევენ, სასამართლოში მივალ და დავიცავ საკუთარ ინტერესებს. მინდა, ასეთ კლუბში დავინახო საქართველო, ვიდრე სადღაც მიჭყლეტილი, რომელიღაც დიდ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ეკონომისტმა გია ჯანდიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები