საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზას აშორებს და ევროკავშირის წინააღმდეგ არსებული უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას. დიპლომატიურმა უწყებამ განცხადება პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ურთიერთობებს, რომელიც პარტნიორებს შორის შეიძლება არსებობდეს. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკავშირის წარმომადგელობის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობა
"2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საფუძვლიანი საუბარი შედგა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზას აშორებს. ევროკავშირის წინააღმდეგ უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას უფრო მეტად უთხრის ძირს.
ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.




























