„სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ის მდგომარეობა, რომ მე სრულიად დავბრუნდე“, - ამის შესახებ BM.GE იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თეა სიმსივეს ესაუბრა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა.
როგორც ემიგრანტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მხოლოდ იტალიის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ქალაქ ბარში ოფიციალური სტატისტიკით 30000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და ეს სტატისტიკა წლიდან წლამდე მზარდია.
მისივე განმარტებით, ემიგრანტების უდიდესი ნაწილი, სხვა ქვეყანაში მიგრაციის გადაწყვეტილებას საქართველოში ეკონომიკური არასტაბილურობის მიზეზით იღებს.
„დაახლოებით 12 წელია იტალიაში ვარ. ჩემი აქ გადმოსვლა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების სურვილმა განაპირობა. იმიტომ, რომ ის, რასაც ხელფასი ჰქვია, ჩემს ოჯახურ მდგომარეობას არ ჰყოფნიდა. ჩემი მიზნების განხორციელებისთვის საჭირო გახდა, ქვეყანა დამეტოვებინა და ჩემს შვილებს გვერდით დავდგომოდი. ამ ქვეყანას მადლობას ვეტყვი, რადგან მან შესაძლებლობა მომცა, რომ აქამდე მოვსულიყავი. მომცა სამუშაო ადგილი, ცხოვრების ნებართვა და ეკონომიკური მდგომარეობა გამიუმჯობესა. ახლა თუ მე მყარად ვდგავარ, ეს ამ ქვეყნის დამსახურებაა.
სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ის მდგომარეობა, რომ მე სრულიად დავბრუნდე. ჩამოსვლიდან 10 წლის შემდეგ დაბრუნების მცდელობა მქონდა. აღარ ვაპირებდი ემიგრაციაში დაბრუნებას, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, როდესაც ჩემივე პროფესიაში დაბრუნება ვცადე, ანაზღაურება მხოლოდ 500 ლარი შემომთავაზეს. შესაბამისად, იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი. ამასთან. მე ერთ-ერთ შეხვედრაზე, ოჯახი გავიცანი, რომელიც 90-იან წლებში იყო ჩამოსული. მათ მითხრეს, რომ საქართველოში დაბრუნებას, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის გამო კვლავ არ აპირებდნენ, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.
ვფიქრობ, სამუშაო კოდექსია შესაცვლელი. ახალგაზრდები მაგ საათებზე და ანაზღაურებაზე აღარ იმუშავებენ. შესაბამისად, იძულებული გახდებიან ქვეყანა დატოვონ. ჩვენ იტალიაში საათები ისე გვაქვს გაწერილი, რომ შესვენება არის, დასვენება თუ სამუშაო საათები, დამსაქმებლები ყველანაირად ხელს გიწყობენ, რომ შენ იყო როგორც მომუშავე, ასევე თავისუფალი ადამიანი, რაც ვფიქრობ საქართველოში შესაცვლელია. მე ჩრდილო იტალიაში ვარ, მაგრამ სამხრეთში, ბარში ოფიციალური სტატისტიკით 30 000 ქართველი ემიგრანტია, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ და არაოფიციალურად, უფრო მეტი ქართველი იქნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია. მე სადაც ვიმყოფები, ფრიული - ვენეცია - ჯულიაშის ტერიტორიაზე უკვე 10000 ქართველი ემიგრანტია, მაშინ როდესაც მე რომ იტალიაში ჩამოვედი, 300 ადამიანიც არ იქნებოდა. ტენდენცია ძალიან გაიზარდა“,- აცხადებს ემიგრანტი.
მისივე თქმით, ემიგრანტები ყოველ წელს სიახლეს ელიან და საბოლოო ჯამში, ყველას აქვს სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნდეს.