ლეგენდარული სტადიონი “სან სირო”, რომელზედაც 1947 წლიდან ორი იტალიური გრანდი “მილანი” და “ინტერი” თამაშობს, დაინგრევა. იმის გათვალისწინებით, რომ მოედანი ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ახალი სტადიონის აშენება ოფიციალურად დადასტურდა.
არენის დანგრევის გადაწყვეტილებამდე კლუბებმა ბევრი პროცედურა გაიარეს. “მილანმა” და “ინტერნმა” “სან სირო” და მისი მიმდებარე ტერიტორია შეისყიდეს, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი სტადიონის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება გამოცხადდა.
ახალი სტადიონის ტევადობა “სან სიროსთან” შედარებით დაახლოებით, 4000-ით ნაკლები იქნება. მისი დიზაინი 2026 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
“ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია. ამ ეტაპამდე მოსასვლელად ხუთი ან ექვსი წელი დაგვჭირდა და ჩვენი მფლობელისგან, RedBird-ისგან, დიდი მხარდაჭერა გვქონდა - განაცხადა “მილანის” თავმჯდომარე, პაოლო სკარონიმ.
“ინტერმა“ და “მილანმა“ მერიისგან “სან სიროს“ სტადიონის შეძენა 197 მილიონ ევროდ დაასრულეს. სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოები 2027 წელს დაიწყება და კლუბების მხრიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს კერძო ინვესტიციას ითვალისწინებს.
1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში სერია A მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ლიგა იყო. მისი კლუბები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავდნენ, ყიდულობდნენ საუკეთესო ფეხბურთელებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობდნენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატმა სტაბილური ვარდნა განიცადა, სტადიონებზე საშუალო დასწრება კი მკვეთრად დაეცა.




























