თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროცესს არ ესწრება ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, სხდომაზე ადვოკატმა წაიკითხა ლილუაშვილის წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ სანამ არ გაეცნობა საქმის მასალებს, არ აქვს სურვილი დავესწრო სხდომას.
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას. ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალალაშვილი“, - აღნიშნულია გრიგოლ ლილუაშილის წერილში.
თავად ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მან აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არ არის შეცვლილი და ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
როგორც "ინტეპრესნიუსი" წერს, მოსამართლის გადაწყვეტილებით გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაეთანხმა. მისი თქმით, პროცესზე მოწმეებისა და მათ მიერ მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ იქნება საუბარი და სწორედ ამიტომ გადაწყდა სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენება.
ადვოკატი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების დეტალურად განხილვა საჭირო არ არის.
23 დეკემბერს, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ლილუაშვილს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























