საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. უწყებამ სულ 478 მილიონი ლარი აითვისა, რაც 3 თვის გეგმას (456 მლნ ლარი) 21.8 მილიონი ლარით აღემატებოდა, შესაბამისად, ფაქტობრივი ათვისება გეგმის 104.8%-ია.
"2025 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 315.3 მილიონი ლარი (გეგმის 106%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 107.1 მილიონი ლარი (გეგმის 103%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 44.4 მილიონი ლარი (გეგმის 102%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 9.1 მილიონი ლარი (გეგმის 107 %),"- ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღეს ცნობილი გახდა რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფა და ახალ უწყებას, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ეწოდება სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს კი კვლავ ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.
არსებული მდგომარეობით, "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს" 2025 წლის ბიუჯეტი 3.12 მილიარდ ლარს შეადგენს, მის ადმინისტრაციაში კი 306 ადამიანი არის დასაქმებული. უწყების ორი ძირითადი საქმიანობაა ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს ახორციელებენ თავად ადგილობრივი თვითმმართველობებიც და ამ მხრივ ფუნქციები დუბლირებულია, თუმცა სამინისტრო ძირითადად რეგიონებში მსხვილი პროექტების განხორციელებით არის დაკავებული. ასევე სამინისტროს ქოლგის ქვეშაა ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგება წყალარინების სისტემის განვითარება და ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა.




























