მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნის - მინისტრი გრიგოლ ლილუაშვილი იქნება

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ სამინისტრო შექმნა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

უფრო კონკრეტულად "ოცნებამ" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ორად გაყო. ინფრასტრუქტურას კვლავ ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის.

„ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სუს-ის ვებგვერდის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2019 წლის ოქტომბრიდან გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

2019 წლის იანვრიდან 2019 ოქტომბრამდე იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე - უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

2016-2017 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, მაჟორიტარი დეპუტატი.

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე იგი იყო ქ.თბილისის მერის მოადგილე.

2015-2016 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.

2014-2016 წლებში მუშაობდა შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტში“, გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

2013-2014 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორი იყო.

2008-2013 წლებში იყო შპს „ქართუ მშენებელის“ დირექტორის პირველი მოადგილე.

ამავე პერიოდში იგი იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის“ შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2006-2008 წლებში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2006-2007 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის ლექტორად, სადაც კითხულობდა საბაჟო საქმეს.

2004-2006 წლებში იყო ასოციაცია „ატუს“, შპს „ბურჯის” გადაზიდვებისა და საბაჟო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის „RILO”- ს მოსკოვის ოფისში, დსთ-ს ქვეყნების საბაჟო სამსახურების მეთაურთა საბჭოში.

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარატმენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

1999-2001 წლებში იყო ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზების“ მარკეტინგის მენეჯერი, ხოლო 1998-1999 წლებში კი - ამავე კომპანიის ბუღალტერი.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და მას მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

იგი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები