დღეს "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო სტრუქტურის კორექტირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დატოვებს და ახალ უწყებას - რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა.
"ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს გაყოფის შედეგად ქვეყნის სამართავად 14 სამინისტრო იმუშავებს.
არსებული მდგომარეობით, "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს" 2025 წლის ბიუჯეტი 3.12 მილიარდ ლარს შეადგენს, მის ადმინისტრაციაში კი 306 ადამიანი არის დასაქმებული. უწყების ორი ძირითადი საქმიანობაა ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს ახორციელებენ თავად ადგილობრივი თვითმმართველობებიც და ამ მხრივ ფუნქციები დუბლირებულია, თუმცა სამინისტრო ძირითადად რეგიონებში მსხვილი პროექტების განხორციელებით არის დაკავებული. ასევე სამინისტროს ქოლგის ქვეშაა ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგება წყალარინების სისტემის განვითარება და ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა.
უწყების ბიუჯეტი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
| საბიუჯეტო კოდი | სამინისტრო და მისი შემადგენელი კომპონენტები | 2023 ფაქტი ლარი | 2024 ფაქტი ლარი | 2025 გეგმა ლარი |
| 25 00 | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მთლიანი ბიუჯეტი | 3,438,031,000 | 3,400,700,000 | 3,125,000,000 |
| 25 01 | რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა - სამინისტროს ადმინისტრაცია | 9,343,100 | 9,150,000 | 10,400,000 |
| 25 02 | საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები | 2,022,088,400 | 1,933,600,000 | 1,592,600,000 |
| 25 03 | რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია | 448,814,200 | 315,650,000 | 227,800,000 |
| 25 04 | წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია | 521,137,900 | 550,000,000 | 503,200,000 |
| 25 05 | მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა | 43,024,100 | 65,000,000 | 75,000,000 |
| 25 06 | ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია | 179,423,900 | 361,300,000 | 366,000,000 |
| 25 07 | ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები | 205,699,300 | 161,000,000 | 150,000,000 |
| 25 08 | სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები | 0 | 0 | 200,000,000 |
შესაბამისად, სამინისტროს არსებული ბიუჯეტის ზუსტად ნახევარი - 1.6 მილიარდი ლარი მოდის საავტომობილო გზების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აღნიშნული მიმართულება, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარჩება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა კომპონენტები გადავა ახალ სამინისტროზე - იქნება ეს მხოლოდ რეგიონული დამ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (228 მლნ ლარი), თუ მასთან ერთად ახალ სამინისტროზე გადავა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაციაც (503 მლნ ლარი), მყარი ნარჩენების მართვა (75 მლნ ლარი), რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია (366 მლნ ლარი), რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 150 მლნ ლარი და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებიც (200 მლნ ლარი).
რაც შეეხება უწყების ადმინისტრაციას, არსებული მდგომარეობით მასში 306 ადამიანი არის დასაქმებული და მისი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.




























