სახელმწიფომ წყალტუბოში საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან კიდევ ერთი ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2.6 მლნ ლარად გაყიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში მდებარე უძრავი ქონება კომპანია „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი ჯერ კიდევ 2022 წლის 5 ივლისს გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“, რომელთა რეალიზებით სახელმწიფომ ჯამურად 11,582,300 ლარი მიიღო.