საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე განმარტავს, რატომ აქვს „ჩალის ფასი“ „ოცნების“ მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ამავდროულად, ეუთოს თავმჯდომარის ელინა ვალტონენის გზის გადაკეტვისთვის დაჯარიმებას.
„მინისტრი ამ ჯარიმას არ გადაიხდის და საქართველოში მოქმედ რეჟიმსაც არ გააჩნია რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი, რომ მას ეს გადაახდევინოს“, - წერს ის Facebook-ის პირად გვერდზე.
სანდრო ბარამიძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი უცხო ქვეყნის დიპლომატებს, მით უმეტეს, საგარეო საქმეთა მინისტრებს სრულ იმუნიტეტს ანიჭებს სისხლის სამართლის საქმეებში.
სხვა სიტყვებით, დიპლომატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მასპინძელ სახელმწიფოში არ შეიძლება. იგივე მუხლი უცხო ქვეყნის დიპლომატებს იმუნიტეტს ანიჭებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებშიც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან ან ოფიციალური ფუნქციების გარეთ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სარჩელებს; რადგან ზემოთ აღნიშნულ გამონაკლისებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და, ამასთანავე, ეუთოს თავმჯდომარის შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, მის მიმართ „ოცნების“ მიერ გამოწერილ ჯარიმასაც, ირაკლი კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს. მინისტრი ამ ჯარიმას არ გადაიხდის და საქართველოში მოქმედ რეჟიმსაც არ გააჩნია რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი, რომ მას ეს გადაახდევინოს.
იცოდნენ „ქოცებმა“ ეს?! არ ვიცი, შეიძლება იცოდნენ, შეიძლება არც იცოდნენ, რადგან ბევრ მათგანს უბრალოდ განათლების პრობლემა აქვს.
“ქოცებს” ძალიან უყვართ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითება, რომლის თანახმად, იმუნიტეტებით მოსარგებლე პირებს აქვთ ვალდებულება პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიონ სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შესაბამისად, ისინი მუდმივად აპელირებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე“, მაგრამ აქაც ადგილი აქვს საერთაშორისო სამართლის სიღრმეების უცოდინრობას;
როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, მათ დარღვევებზე მითითება და ამ დარღვევების აღმოფხვრისკენ მოწოდება სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად არ ითვლება გაეროს წესდებიდან და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი გლობალური და რეგიონალური კონვენციებიდან გამომდინარე.
სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველო შებოჭილები არიან ამ კონვენციებით და სხვა ხელშემკვრელ მხარეებს არა მხოლოდ უფლება აქვთ შეახსენონ რეჟიმს ამ ვალდებულებების შესახებ, არამედ ეს მათი ვალიცაა”,, - წერს სანდრო ბარამიძე




























