Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორი სანდრო სულაქველიძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ ჩამოერთვა თბილისის ფილარმონია და Black Sea Arena კულტურის სამინისტროს, რატომ გადავიდა აქტივი მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე და რა საჭიროა ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნა.
„ლოგიკას ვერ ვხედავ... განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს რომელი უწყების ბალანსზე იქნება ეს აქტივი - კულტურის სამინისტროსი თუ მთავრობის ადმინისტრაციის. საბოლოო ჯამში, ხომ მაინც გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი ფული იხარჯება მათ შენახვა-ფუნქციონირებასა და იქ ჩატარებულ ღონისძიებებში?!“, - თქვა სანდრო სულაქველიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემის კომენტირებისას.
წამყვანის კითხვაზე - ხომ არ სჯობდა, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზების კერძო სექტორისთვის იჯარით გადაცემა და თუ იქნებოდა მსგავსი შეთავაზება ბიზნესისთვის საინტერესო, Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორი ვარაუდობს, რომ თბილისის ფილარმონიის მიმართ ინტერესი უფრო იქნებოდა, მაგრამ Black Sea Arena-ს მიმართ - არა. მან რამდენიმე მიზეზი გამოყო და მათ შორის ერთ-ერთია Black Sea Arena-ს მდებარეობა.
„Black Sea Arena-ს სხვა მინუსებიც აქვს - მათ შორის აკუსტიკა. ასევე, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რთული იქნებოდა მისი დატვირთვა კონცერტებით ისე, რომ კერძო სექტორისთვის საინტერესო იყოს... იცით, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიზნესმენია და ზუსტად ამიტომ გადასცა სახელმწიფოს Black Sea Arena-ს ანუ იმ მომენტში მოგებიანი რომ ყოფილიყო, რატომ გადასცემდა?! Black Sea Arena-ს შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება. ტექნიკურად სულ საჭიროებს განახლებას და ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ახლა ვიხდით ჩვენ, მოქალაქეები. ძალიან რთულია, მსგავსი დარბაზები და იქ კონცერტების ჩატარება მოგებიანი იყოს.
რაც შეეხება ფილარმონიის იჯარით გაცემას, ამ შემთხვევაში, ის გაცილებით მოგებიანი შეიძლება იყოს და ალბათ, გაცილებით საინტერესო იქნებოდა {კერძო სექტორისთვის}. მას აქვს პოტენციალი, რომ რენოვაციების შედეგად, დაიტვირთოს, მათ შორის იმიტომ, რომ სხვადასხვა მასშტაბის არტისტებით შეიძლება გაავსო და აუცილებელი არაა სუპერსტარის ჩამოყვანა“, - აღნიშნა სანდრო სულაქველიძემ.
Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორმა „წერტილთან“ ინტერვიუში გადასახადების გადამხდელების ფულით სუბსიდირებული კონცერტების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ როგორც ეკონომიკისთვის, ისე საფესტივალო ინდუსტრიის განვითარებისთვის უმჯობესი იქნებოდა, მაგალითად, გარკვეული პერიოდით გადასახადების შემცირება, ვიდრე ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ბიუჯეტიდან, რომელიც ისევ სახელმწიფო კომპანიაში მოძრაობს.
სანდრო სულაქველიძის შეფასებით, დღეს კერძო სექტორს სახელმწიფოსთვის უწევს კონკურენციის გაწევა.
„რეალურად, დღეს იმის პრობლემა კი არ დგას, რომ კერძო სექტორს არ შეუძლია ჩამოიყვანოს დიდი ვარსკვლავები ან ტექნიკურად ვერ გავუმკლავდებით, არამედ პრობლემაა ფინანსური მხარე. რეალურად ჩვენი ეკონომიკა არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ კერძო სექტორს უღირდეს სუპერ-სტარების ჩამოყვანა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ ხარჯები დააბალანსოს. ამდენად, გამოდის, იმისთვის რომ უბრალოდ სანახაობა შეიქმნას, ვხარჯავთ გადასახადების გადამხდელების ფულს და თან საკმაოდ ძვირად იყიდება ბილეთები ანუ კონცერტზე დამსწრე მოქალაქე ორჯერ იხდის ფულს. საერთოდ რაში გვჭირდება ამდენი მილიონის ხარჯვა?!“, - აცხადებს სანდრო სულაქველიძე.