საქართველოში სანელებლების ექსპორტი თითქმის განახევრდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, წელს 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველომ 3 439 ტონა გაყიდული სანელებლიდან $14.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 47.5%-იანი შემცირებაა. ვინაიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 6 555 ტონა სანელებელი ჰქონდა გაყიდული, რაშიც $24.8 მლნ-ის შემოსავლის დაგენერირება შეძლო.
ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი წელს ჩინეთია. საქართველომ ამ ბაზარზე $9.2 მლნ-ის ღირებულების 2 137 ტონა სანელებელი გაყიდა. ჩინეთის ბაზარი მთლიან სანელებლების ექსპორტში 62.1%-ს შეადგენს.
2025 წლის 6 თვეში მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP-10 კი ასეთია:
- ჩინეთი - $ 9.2 მლნ, 2 137 ტონა;
- რუსეთი - $ 3.5 მლნ, 671 ტონა;
- უზბეკეთი - $ 180 ათასი, 217 ტონა;
- უკრაინა -$ 749 ათასი, 181 ტონა;
- სომხეთი -$ 117 ათასი, 63 ტონა;
- ყაზახეთი - $129 ათასი, 43 ტონა;
- თურქეთი - $66 ათასი, 22 ტონა;
- მოლდოვა - $78 ათასი, 20 ტონა;
- ვიეტნამი - $63 ათასი, 19 ტონა;
- ყირგიზეთი - $51 ათასი, 15 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, მონაცემების მნიშვნელოვანი შემცირება აქაც შეინიშნება. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი), საქართველომ 715 ტონა სანელებელში $1.6 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შეძენილი პროდუქციის მოცულობა 2 423 ტონა იყო, ხოლო გადახდილი თანხა $3.5 მლნ-ს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სანელებლების იმპორტი 70.4%-ით შემცირდა.
წელს, ქვეყნისთვის სანელებლების იმპორტში მთავარი ბაზარი თურქეთია. საქართველომ ამ ბაზარზე $680 ათასის ღირებულების 306 ტონა სანელებელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთი მთლიან სანელებლების იმპორტში 42.7%-ს შეადგენს.
საქართველოს მთავარი იმპორტიორი ბაზრები (2025/6 თვე):
- თურქეთი - $680 ათასი, 306 ტონა;
- ნიდერლანდები - $235 ათასი, 101 ტონა;
- სირია - $170 ათასი, 89 ტონა;
- ინდოეთი - $130 ათასი, 74 ტონა;
- ჩინეთი - $189 ათასი, 50 ტონა.




























