მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო: როგორ აფასებენ და რა კითხვები აქვთ ავტოიმპორტიორებს?

64a12394bc93d
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 11:20
3712
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებ და რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტსაც კრძალავს, ხელისუფლებისა და დარგის წარმომადგენლების მიმართ გაჩნდა კითხვა - რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტზე და შეჩერდება თუ არა რუსეთში ავტომობილების გატანა? საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ მათ მე-11 პაკეტის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც EU-ს მიმართეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა.

EU-ს სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცებას საქართველოში ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტიც დაემთხვა, რომლებიც საქართველოში სანქციების აღსრულების მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში 27-28 მაისს იმყოფებოდნენ. სანქციების მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სანქციების შესრულების მხრივ საქართველო სერიოზულად უდგება იმ საკითხს, რომ ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდეს. ამასთან, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დეივიდ ო’სალივანმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ სანქციების გვერდის ავლად ჩაითვლება ფაქტები თუ საქართველოს მოქალაქე ევროპაში შეძენილ ავტომობილს რუსეთში გაყიდის, თუმცა ასეთი შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 316%-ით აღემატება. რუსეთის ფედერაცია კი ავტოექსპორტში რიგით მეხუთე ადგილს იკავებს, სადაც წელს 41 მილიონი დოლარის ღირებულების 2,943 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთში ავტოექსპორტი წელს 458%-ით არის გაზრდილი.

BM.GE ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტიდან გამომდინარე ავტოიმპორტიორი კომპანიების შეფასებით დაინტერესდა და დარგის წარმომადგენელთა ბიზნეს გაერთიანებასა და კომპანია „კავკასუს ავტოიმპორტს“ ჰკითხა - შეცვლის თუ არა გაზრდილი ავტოიმპორტის მაჩვენებელს ახალი სანქციები და რა გავლენას იქონიებს ეს რუსეთის მიმართულებით მანქანების ექსპორტზე.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი ალექსანდრე ნონიაძე გადაცემა „საქმის კურსში“ აცხადებს, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტს სანქციების პირობებში არა ღირებულების, არამედ რაოდენობის მიხედვით უნდა დავაკვირდეთ, რადგან ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობები რადიკალურად არ არის გაზრდილი. ალექსანდრე ნონიაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სანქციები ქართველმა ავტოდილერებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა არ დასანქცირდნენ.

„როდესაც ავტომობილებით ვაჭრობასა და სანქციებზე ვსაუბრობთ მე ავიღებდი არა ვაჭრობის მოცულობას, არამედ ავტომობილების ერთეულებს. საქართველოდან რუსეთში დაახლოებით 5 000 ერთეული ავტომობილი გადის. 2019 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 1 200 იყო. კი ჟღერს, რომ ეს რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ რაოდენობაში სულ რაღაც 5 000 ერთეულია, მაშინ როდესაც რუსეთის ბაზრის მოხმარება ომის დაწყებამდე 1.5 მლნ ერთეული ავტომობილი იყო. ჯამში ჩვენი ექსპორტი, რომ ავიღოთ ეს 80 000 ერთეულია. რომ დავაჯამოთ ჩვენიდან აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში გასული ავტომობილები რომც შედიოდეს რუსულ ბაზარზე ეს მათი მოთხოვნის 5%-იც არ არის.

ავტომობილების ექსპორტისას შეზღუდვები აქამდეც იყო და 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილების ექსპორტი იკრძალებოდა, ახლა კი ელექტრომობილები, გარკვეული მოცულობის ძრავიანი ავტომობილები დაემატა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს გამოიწვევს.

ჩვენ ამ შეზღუდვებს უნდა დავეთანხმოთ, რადგან რისკია რომ დავსანქცირდეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ 2.5 მლრდ დოლარის ღირებულების ბაზარი გაჩერდება. ანუ სასწორზე დევს ერთი მხრივ 5 000 ერთეული ავტომობილი, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების არის და მთლიანი ვაჭრობა. ეს გარკვეულ წილად მოაკლდება ქვეყანას და ბიზნესს, თუმცა უნდა ავირჩიოთ ორ მოცემულობას შორის“, - განაცხადა ნონიაძემ.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებში რეკორდულად გაზრდილი ავტოექსპორტი, იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ ეს ავტომობილები რუსეთის ბაზარზე შედის, რადგან თავად ამ ბაზრებზე ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია.

„თითოეული კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა და ძირითადად მოთხოვნა მაღალი კლასის ავტომობილებზეა. ვაჭრობის მოცულობაც ამან გაზარდა. ერთეულებში ექსპორტი გაზრდილია, თუმცა 2019 წლის მონაცემებს, წელს შეიძლება მაქსიმუმ 10 000 ერთეულით გადავაჭარბოთ. 2019 წელს ავტოექსპორტი 110 000 ავტომობილს შეადგენდა, პირველი 5 თვის მონაცემებით კი 42 000 ავტომობილი იყო. ექსპორტი რადიკალურად რომ იყოს გაზრდილი და წლიურად 500 000 ერთეული ავტომობილი რომ გავიდეს, მაშინ ეს დამაეჭვებელი და საფრთხისშემცველი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ანალიზით საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული ავტომობილები ამავე ქვეყნებში რჩება, რაც იმით არის განპირობებული, რომ ამ ქვეყნებში მანქანები რუსეთიდან შედიოდა, სანქციების შემდეგ კი საქართველოს გზა უალტერნატივო გახდა. ადრე თუ რუსეთიდან და საქართველოდან შედიოდა ახლა მხოლოდ საქართველოდან შედის“, - განაცხადა ნონიაძემ.

დარგის კიდევ ერთი წარმომადგენელი ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი კი ამბობს, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფის საქართველოში ვიზიტისა და მათი განცხადებების შემდეგ ავტოდილერებს რჩებათ კითხვა - შეეხებათ თუ არა მათ სანქციების მე-11 პაკეტი კონკრეტულ შემთხვევებში? გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას ის აღნიშნავს, რომ ამ საკითხის გარკვევაში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშნელოვანია.

“დევიდ ო’სალივანის მნიშნელოვანი განცხადებების ფონზე გვიჭირს გარკვევა - დავსანქცირდებით თუ მაგალითად ქართველი ავტოიმპორტიორი შემოიყვანს ავტომობილს გასაყიდად და ცენტრალური აზიიდან შემოსული ავტოდილერი ყაზახეთსა და ყირგიზეთში კი არ გაიყვანს ავტომობილს, არამედ გაიყვანს რუსეთში, ამ შემთხვევაში რა ხდება - უნდა ვიცოდეთ, შეგვეხება თუ არა ეს სანქციები? სწორედ აქ ვხედავთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რათა ქართველი ავტოიმპორტიორი არ დასანქცირდეს. ვერც ასოციაცია და ვერც კომპანია ვერ განსაზღვრავს ამას… ჩვენ გვაქვს კავშირები ცენტრალური აზიის წარმომადგენლებთან და ჩვენი ინფორმაციით, რეექსპორტირებული ავტომობილები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რჩება, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ამ რაოდენობიდან გარკვეული წილი რუსეთში შედიოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია და ავტოდილერებს ლარსის გამშვები პუნქტის გავლით უწევთ საქონლის გატანა”, - განმარტა ლაშა დარბაისელმა.

ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია „კავკასუს ავტოიმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით გელაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების მე-11 პაკეტს მიესალმებიან. ის ამბობს, რომ ეს სანქციები იმ ავტოიმპორტიორებს შეეხებათ, ვინც რუსეთის მიმართულებით მუშაობს და აღნიშნავს, რომ მათი კომპანია რუსეთის მიმართულებაზე არ მუშაობს.

„ჩვენი შეფასებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით მოთხოვნა ავტომობილებზე კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთიდან მარაგდებოდა, მომარაგება რომ შეწყდა, გადმოვიდნენ საქართველოზე და ამიტომ გადმოვიდნენ ამ მიმართულებით. მოთხოვნის შემცირების საფრთხეს ვერ ვხედავთ. პირიქით, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ბაზარმა ცენტრალური აზიის ბაზრების მიმართულებით განვითარებაზე უნდა გააკეთონ სწორება.

ამ კონკრეტული მონაცემებით, ვიღაცები, ვინც შემოვლითი გზებით ცდილობდა რუსეთში ავტომობილების რეალიზებას, ის ხალხი რისკის ქვეშ დგას. თუმცა ჩვენ ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში აქტიურად ვხარჯავთ თანხებს მარკეტინგისთვის. ვცდილობთ, იმ ბაზრებზე განვვითარდეთ, რომლებზეც პოტენციურად ჯამში დაახლოებით 10 მლნ მომხმარებელია და მიწოდების გარეშე რუსეთის დასანქცირების გამო დარჩა. დიახ, ვიღაცებს გაუჭირდებათ და დაეხურებათ გზები, მაგრამ ეს კარგია“, - აცხადებენ "კავკასუს ავტოიმპორტში".

დავით გულაშვილი იმასაც ამბობს, რომ სანქციების მე-11 პაკეტის მიუხედავად, საქართველოს პოტენციალი გახდეს ავტომობილების რეექსპორტისთვის ჰაბი, მზარდია.

„ცენტრალური აზიის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის კიდევ უფრო ზრდის პოტენციალს ვხედავთ. დარწმუნებულები ვართ, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდება.

ჩვენ მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი ბაზრიდან მოდის. ეს მანქანები, რომლებსაც ვაგზავნით, საუბარია ათასობით მანქანაზე, ადგილზე რეგისტრირდება და რჩება“, - განაცხადა დავით გულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები