მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციების ოფისების ხელმძღვანელების ვიზიტი დროული და საჭიროა“ – ზვიად ჭუმბურიძე

649c5bca51f23
ელენე კვანჭილაშვილი
28.06.23 20:10
590
„შეიძლება სანქციებს არ შეუერთდე, მაგრამ არის რეგულაციები არის მოთხოვნები რომლებიც საერთაშორისო სანქციების დამწესებლები არეგულირებენ და შესაბამისად ზუსტად ის მოთხოვნები, რაც აქვთ სანქციების დამწესებელ მხარეებს, აუცილებლად უნდა შესრულდეს“ – ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჭუმბურიძემ სანქციების მე–11 პაკეტის მასშტაბი და საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის როლი ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში შეაფასა.

ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, სანქციების ოფისების ხელმძღვანელების საქართველოში ჩამოსვლა „დროული და საჭიროა“. როგორც ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, ქვეყანას და ბიზნესს მათგან მკაფიო და ზუსტი გზავნილები სჭირდება.

„ჩვენს არაორდინალურ ვითარებაში, როცა ქვეყანა მთლიანად არ არის მიერთებული სანქციებს, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ უნდა დავარეგულიროთ და დავიცვათ სანქციები იმისთვის, რომ ამ მართლაც რთულ გზაზე, რაიმე შეცდომა არ დავუშვათ. სხვა შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან მძიმე ვითარებაში“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე ‘ანალიტიკა’–სთან.

ევროკავშირმა სანქციების მე–11 პაკეტი დაამტკიცა. საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი იმყოფება. დევიდ ო'სალივანის ამ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

საქართველოში ევროკავშირის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. ვიზიტის ფარგლებში, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერმინისტრს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალურ პროკურორსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები