მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ბიზნესს აფართოებს - პოტანინმა ნეობანკი TOCHKA შეიძინა

64ae6f4e0d9af
გიორგი თოლორდავა
12.07.23 14:44
487
რუსეთის რიგით მეორე უმდიდრესი ბიზნესმენი და სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმირ პოტანინი საკუთარ ბიზნესიმპერიას აფართოებს. ამჯერად რუსმა მილიარდერმა საბანკო-საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Tochka შეიძინა, რომელშიც მან დაახლოებით 460 მილიონი დოლარი გადაიხადა.

პოტანინის ჰოლდინგსა და Tochka-ს მშობელ კომპანიას შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, ტრანზაქციის შესახებ განაცხადი კი დასამტკიცებლად მარეგულირებელ ორგანოს გადაეგზავნა.

Tochka ნეობანკია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და ის, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესებს ემსახურება. საერთო ჯამში, Tochka-ს 600,000 კრედიტორი ჰყავს და ბანკი ყოველწლიურად სწრაფად იზრდება.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს პოტანინის რიგით მესამე მსხვილი გარიგებაა. აქამდე მან Societe Generale-ის წილი გამოისყიდა. ოლიგარქის უდიდესი შენაძენი კი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნეობანკის, Tinkoff-ის 35%-იანი წილი იყო. როგორც თავად კომპანიის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, მას ბანკის გაყიდვა „კაპიკებში“ აიძულეს.

ვლადიმირ პოტანინი ევროკავშირის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონების მოცულობა ამჟამად 24 მილიარდ დოლარს აღწევს. მართალია, პოტანინი მეტალების ბიზნესით გამდიდრდა, თუმცა ის ამჟამად აქტიურად ცდილობს საბანკო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით პორტფელის გაფართოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები