მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მისი საერთაშორისო სანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს ხელს არ უშლის მის მუშაობას აღნიშნულ პოზიციაზე. ამის შესახებ გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი?

გაბიტაშვილს კითხვით მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული იმ უმოქმედობის გამო, რომელიც მან გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში გამოავლინა.

„როგორ შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომლის პროფესიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება საერთაშორისო დონეზე შეფასებული სისტემური უმოქმედობა და როგორ უნდა ჰქონდეს ასეთ ფიგურას სრული ინსტიტუციური ნდობა ფინანსური კონტროლის განხორციელების დროს?“ - მიმართა ხვედელიანმა გენერალურ აუდიტორს.

გიორგი გაბიტაშვილმა ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ სანქციებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მისი არჩევა სწორედ იმის დასტურია, რომ მმართველ გუნდს მისი ნდობა აქვს.

„რაც შეეხება ჩემს სანქცირებას, სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება გაბიტაშვილმა 2025 წლის 11 ივნისს, პარლამენტში დამტკიცების შემდეგაც გააკეთა. მაშინ ახალმა გენერალურმა აუდიტორმა თქვა:

"უსამართლო გადაწყვეტილებასთან [სანქციებთან] მიმართებაში, არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია. მე არ მაწუხებს სანქციები სიმართლე რომ გითხრათ. აბსოლუტურად".

გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2024 წელს დაამტკიცა. მან ცოტნე ყავლაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის მე-6 მოადგილე გახდა. გაბიტაშვილი მანამდე წლების განმავლობაში გენერალური პროკურორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. დასავლურმა სახელმწიფოებმა ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკან დახევაზე რეაგირების არქონის გამო დაასანქცირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები