მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციები გრძელვადიანი სტრატეგიის ერთი ელემენტია“ – ინტერვიუ ტომ ქითინგთან

სანქციები

რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ, საერთაშორისო სანქციების ლანდშაფტი კომპლექსური ხდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა დაგროვდა სანქციებთან, მათ ბუნებასთან თუ ფორმებთან მიმართებით. მაგალითად – რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები; ასევე – რით განსხვავდება ერთმანეთისგან შავი სიები და სანქციების პაკეტები და ა.შ. საქართველოს კონტექსტში ამ კითხვებზე დეტალური პასუხები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან პირველ შემთხვევაში, ეხებათ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში „რუსული კანონის“ დაკანონებაზე; ხოლო მეორე შემთხვევაში – კითხვები გვაქვს ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან მიმართებით, რომელთა შვილობილ კომპანიებსაც, ფაქტია, გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული. მართალია „ანალიტიკა“–ს რესპონდენტი კონკრეტულად საქართველოს კონტექსტზე არ გვესაუბრება, მაგრამ მისთვის საერთაშორისო – განსაკუთრებით, ამერიკისა და ევროკავშირის სანქციების ლოგიკა სიღრმისეულად ნაცნობია. ტომ ქითინგი – ფინანსური დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი გაერთიანებული სამეფოს RUSI ინსტიტუტში, განმარტავს ყველაფერს სანქციების შესახებ.

- მოგესალმებით, ბატონო ტომ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დღეს მინდა ვისაუბროთ სანქცირების ლოგიკაზე და მინდა, ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა შეიძლება გახდეს ინდივიდების თუ ქვეყნების სანქცირების მიზეზები?

- რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე – ქვეყნების უმრავლესობა სანქციებს იყენებდა საგარეო ურთიერთობების გზავნილის გასახმოვანებლად – ჩვენ არ მოგვწონს ის, თუ როგორ იქცევით თქვენ. დიპლომატიის ერთგვარი იარაღი იყო. გაერო სანქციებს იყენებდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას დაუწესა სანქციები ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებით; სანქციები აქვს გამოყენებული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. თუმცა გაეროს მექანიზმი მოშლილია. დღეს გაეროს უნარი არ აქვს საერთოდ რამეზე შეთანხმდეს. ამიტომ არ მგონია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოსგან სანქციებს უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, მოკლე პერიოდში. ამდენად – საკითხი დგება ასე – როგორ იქცევიან ინდივიდუალური ქვეყნები. ისტორიულად – სანქციის გამოყენება გზავნილთან იყო დაკავშირებული. დღეს, რუსეთის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის, გაერთიანებული ბრიტანეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის სანქცია გამოყენებულია არა მხოლოდ როგორც გზავნილი, არამედ, როგორც საშუალება ხელი შეუშალოს რუსეთს თავისი რესურსები თუ ფინანსები გამოიყენოს სამხედრო გაძლიერებისთვის.

- რა უფრო ხშირი პრაქტიკაა და რა სხვაობა არსებობს ინდივიდების სანქცირებასა და ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას შორის? და რა განსხვავებაა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომებს შორის?

- ევროკავშირმა, ვფიქრობ, ბევრი რამ ისწავლა ბოლო 2.5 წლის განმავლობაში. ისტორიულად ევროკავშირი ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა სანქცირების საკითხს. ძირითადად საგარეო პოლიტიკური გზავნილების მეთოდად იყენებდა – როცა არ მოსწონდა რომელიმე ქვეყნის ადამიანის უფლებების პოლიტიკა, ან როცა რომელიმე ქვეყანა რისკებს ქმნიდა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ევროკავშირმა თავისი გაკვეთილი გამოიტანა – როგორც უკვე ვთქვი. ახლა უფრო თამამად, უფრო მასკულინურად იყენებს სანქციებს – უფრო, ამერიკულად. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ ბევრი წლის განმავლობაში ამერიკელები სთხოვდნენ ევროკავშირს, რომ უფრო მკაფიოდ გადაედგათ სანქცირების ნაბიჯები და ახლა, ევროკავშირი იწყებს ასე მოქცევას. რაც შეეხება ინდივიდებს, ქვეყნებს და კომპანიებს – აქ მთავარი აქცენტი ის არის, რომ სანქციების რეჟიმი ინდივიდებისთვის და კომპანიებისთვის მათთვის აქტივების გაყინვას გულისხმობს. ეს ნიშნავს ბანკების დავალდებულებას, რომ მათ გაყინონ აქტივები იმისთვის, რომ სანქცირებულმა ინდივიდებმა თუ კომპანიებმა ამ აქტივების გამოყენება ვეღარ შეძლონ.

კიდევ ერთი გზაა მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება. დღეს გაცილებით უფრო იშვიათია მიდგომა, როცა მთელი ქვეყანა სანქცირდება. ჭკვიანი სანქციები, ანუ ინდივიდებისთვის და კომპანიებისთვის სანქციების დაწესება – დღეს უფრო პოპულარული მიდგომაა. ქვეყნებზე სრული ემბარგო ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ეს უფრო საბჭოთა კავშირის და ცივი ომის ელფერს ატარებს.

- რა არის იმის ლოგიკა, რომ სანქციები გავრცელდეს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებზე, არამედ, უფრო ფართოდ – მათ ოჯახის წევრებზე, მათთან დაკავშირებულ ბიზნესებზე? და აქვე – როგორ მიგაჩნიათ, თავისი არსით სანქციები კარგი საშუალებაა სანქცირებულთა მოტივაციის, მათი ქცევის შესაცვლელად?

- სწორი აქცენტი დასვით. როცა ვიღაცამ იცის, რომ ის სანქცირებულია მაშინ, ის ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ამ სანქციებს გვერდი აუაროს. თავის არიდების ქსელში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოჯახის წევრები, შესაძლოა, სკოლის მეგობრები, ბიზნესპარტნიორები. ამდენად, როცა პირი სანქცირებულია – და ამ ტენდენციას ვაკვირდებით, ბოლო 2.5 წლის განმავლობაშიც, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – სანქციები ვრცელდება არა მხოლოდ მასზე, კომპანიის ბოსზე, ან ოლიგარქზე, მაგრამ ასევე ვრცელდება შვილებზე, ცოლზე, ქმარზე და იმ ადამიანებზე, ვისთანაც შესაძლოა ამ პირს საქმიანი ურთიერთობები აქვს. მთელი არსი ის არის, რომ თუ სანქციები ეფექტური უნდა იყოს, ისინი სწორ ინდივიდებზე უნდა გავრცელდეს. გვინახავს მაგალითები, როცა ხალხი, რომელსაც ეჭვი ჰქონდა, რომ მომავალში დასანქცირდებოდა – და ამ ქცევას ვაკვირდებოდით ჩვენ სწორედ რუსეთ–უკრაინის ომის დასაწყისში – რუსმა ოლიგარქებმა საკუთარი ქონება თავიანთ ნათესავებს, ოჯახის წევრებს გადაუფორმეს. ზუსტად იცოდნენ, რომ დასანქცირდებოდნენ და სურდათ, ამ გზით გადაეზღვიათ საკუთარი თავი და ქონება. შემდეგ ვნახეთ, რომ სანქციები მათ შვილებზე, ცოლებზეც გავრცელდა.

- თქვენ ახსენეთ შეზღუდვები მოგზაურობაზე – მიჩნეულია, რომ ამ ტიპის შეზღუდვები სანქცირების უფრო სუსტი ფორმაა, ვიდრე ვთქვათ, იგივე – ფინანსური სანქციები. რა არის ამ ტიპის სანქციების კონკრეტული მიზანი?

ვფიქრობ, ეს სამართლიანი აქცენტია. თუ სანქციები აქტივების გაყინვას უკავშირდება, მაშინ ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით – და არ აქვს მნიშვნელობა ეს ბანკები ამერიკაშია, ევროკავშირშია, თუ საქართველოში – გაითვალისწინებენ ამ მოთხოვნას. მოგზაურობის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ ადამიანებზე იმოქმედებს, ვისაც სურთ მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში. თუ მათ ეს არ აინტერესებთ და ბედნიერები იქნებიან, მაგალითად, საქართველოში ან რუსეთში დარჩენით, მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვას დიდი გავლენა არ ექნება და მნიშვნელოვან წნეხს ვერ შექმნის. მაგრამ თუ შევხედავთ უფრო კონკრეტულად ისეთ სიტუაციებს, როცა სახდეპი იყენებს ვიზის შეზღუდვებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც არ ემორჩილება კანონის უზენაესობის საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს, ან არ იზიარებენ ამერიკის ღირებულებებს – ვიზის შეზღუდვები ასეთი ინდივიდების წინააღმდეგ მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

- ოდნავ უცნაურ კითხვას დაგისვამთ – მაგრამ კომფორტულია სანქციების სიაში ყოფნა? არაფერს ცვლის თუ პირიქით, ინდივიდები, რომლებიც ამ სიაში ხვდებიან, შემდეგ – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამბობდნენ, რომ ეს დიდი არაფერია – მაინც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სიაში აღარ ჩანდნენ?

- სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქცევიან. ეჭვი არ არსებობს, რომ მათი ცხოვრება საგრძნობლად იზღუდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ როცა ვინმეს სახელი ერთ–ერთ ამ სიაში ხვდება, ეს როგორც წესი საჯარო ინფორმაციაა. ბანკები და სხვა ორგანიზაციები ხედავენ ამ ინფორმაციას და შემდეგ ისინი იღებენ უკვე გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედონ. ამერიკის სანქციები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ ვრცელდება. მაგალითად, საქართველოში. მაგრამ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოში არიან, შეიძლება თქვან – ჩვენ გვინდა აშშ–თან ურთიერთობა, ამდენად – ჩვენ გავითვალისწინებთ ამ სანქციებს – ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვები გარდაუვლად გავრცელდება ინდივიდებზე და ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც – ქვეყანა ოფიციალურად ემორჩილება თუ არა ევროკავშირის ან შეერთებული შტატების სანქციებს.

- რა გავლენა აქვს ინდივიდების და ბიზნესების სანქცირებას, მთლიანად ქვეყნის იმიჯზე? არსებობს ეს პირდაპირი კავშირი ინდივიდუალურ სანქციებსა და ქვეყნის იმიჯს შორის?

- ისევ იმ აქცენტს დავუბრუნდები, რომ პირველ რიგში ქვეყნები სანქციას იყენებენ გზავნილის გასავრცელებლად. ამდენად – თუ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს ინდივიდს, ისინი ამ გზავნილით არიან – ეს ადამიანი არ ითვალისწინებს ჩვენს ღირებულებებს; ეს ადამიანი არ არის თანხვედრაში იმასთან, თუ რას ვთვლით ჩვენ კანონის უზენაესობად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას იმ ინდივიდზე, იმ კომპანიაზე და ქვეყანაზეც, თუკი ეს ინდივიდი ამ ქვეყანაში მაღალ თანამდებობას იკავებს. სანქციები, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აქტივების გაყიდვა ან ვიზების შეზღუდვა – სანქციები ტონის მიმცემია იმისთვის, თუ როგორ ფიქრობს ერთი ქვეყნის მთავრობა მეორე ქვეყნის მთავრობაზე.

- თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირმა ბოლო პერიოდში სანქციებთან მიმართებით უფრო ამერიკული მიდგომა აირჩია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის და ურთიერთობების გაღრმავებისთვის – შეიძლება აქედანაც ვივარაუდოთ, რომ ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მასზე უფრო ადვილად გავრცელდება ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის მხრიდან?

მიმაჩნია, რომ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგანან, რაც უფრო გადის დრო – ევროკავშირს მეტი მოლოდინი უჩნდება, რომ თუ გაწევრიანების პროცესი წარმატებული იქნება, მაშინ ამ ქვეყნებმა უნდა უპასუხონ ევროკავშირის მოლოდინებს, რაც უკავშირდება დემოკრატიის სტანდარტების დაცვას და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, სანამ ქვეყანა ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირს აქვს მასზე ეს ბერკეტი – შეანელოს ან დააჩქაროს ეს პროცესი, რაც თავად ამ ქვეყნის პროგრესიდან გამომდინარეობს. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, ევროკავშირს ეს ბერკეტი აღარ აქვს – ამდენად, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს გაწევრიანების პროცესის დროს და ამით შეეცდება მოტივაცია გაუზარდოს ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ ღირებულებებს დაემორჩილონ.

- ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ – როცა საქმე ქვეყნის მიერ პოლიტიკური კურსის თუ ასპირაციის შეცვლას ეხება და ამიტომ უწესდებათ პასუხისმგებელ პირებს ინდივიდუალური სანქციები, ეს ამ კლუბების, ამ კავშირების – ამერიკის და ევროკავშირის ამ შემთხვევაში – აღქმების საფუძველზე ხდება, მხოლოდ გემოვნების საკითხია, თუ ობიექტური მოცემულობების შესწავლა ხდება – მაგალითად, ქვეყნის შიგნით რამდენად აქვთ შეცვლის მანდატი, რამდენად დიდია პროტესტი და ა.შ. – და შემდეგ ხდება სანქცირების გადაწყვეტილების მიღება?

- აქ ორი მიმართულებაა. პირველი – პოლიტიკური. თუ ევროკავშირი რეალურად ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნის პროგრესს, ის დადებით პოლიტიკურ სიგნალებს გამოუშვებს ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. მეორე მხრივ – ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, რომლებიც დეტალურად ამოწმებენ კანონებს, რეგულაციებს და ზომავენ, თუ რამდენად არის თანხვდენილი ეს კანონები თუ რეგულაციები ევროკავშირის კანონებთან და რეგულაციებთან. ამდენად, ორი მიმართულება იკვეთება – პოლიტიკური პროცესი, რომელიც შესაძლოა, დადებითი გზავნილებით იყოს გაჯერებული იმისთვის, რომ ქვეყანამ მოტივაცია არ დაკარგოს და მეორე – ტექნიკური სამუშაო, რომელსაც ევროკომისია ინდივიდუალური კანონების და რეგულაციების გაანალიზების გზით ასრულებს. ვერ გახდები ევროკავშირის წევრი, თუ ერთი მხრივ, პოლიტიკური გზავნილები ევროკავშირის მიმართ იქნება – დიახ, გვინდა წევრობა, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის კანონმდებლობა არ იქნება თანხვდენილი ევროკავშირის მოთხოვნებთან.

- რა გავლენას ახდენს მთელს ამ პროცესზე სტრატეგიული პარტნიორობა მესამე ქვეყნებთან – იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ იზიარებენ ამ ღირებულებებს, არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად – როგორ ფიქრობთ, ამ კლუბებისთვის ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა ასეთ ქვეყნებთან შესაძლოა იყოს განგაშის სიგნალი? იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა არც არაფერი თქვან, რადგან პარტნიორობის დამყარება და პარტნიორის არჩევა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ცხადია..

- დიახ. ეს გარდაუვალია. მნიშვნელოვან აქცენტს სვამთ იმ ნაწილში, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალია თავის არჩევანში – მათ შორის, იმ არჩევანშიც, ვისთან დაამყარებს სტრატეგიულ პარტნიორობას და როგორ არჩევს ოპერირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ევროკავშირის მსგავს ბლოკებსაც აქვს არჩევანის თავისუფლება და თუ ქვეყანას სურს, ევროკავშირთან, მის პრინციპებთან და ღირებულებებთან დაახლოება, მაშინ ამ ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი ღიაა. თუ ქვეყანა გადაწყვეტს, რომ არ სურს ევროკავშირთან დაახლოება – მაშინ ამ ქვეყანას, თავისი არჩევანი უკვე გაუკეთებია და მოლოდინიც აღარ უნდა არსებობდეს, რომ ევროკავშირი ისევ განაგრძობს ამ ქვეყნისთვის კარის ღია დატოვებას. როგორც ვთქვი, ეს პოლიტიკის, დიპლომატიის და მეორე მხრივ, ტექნიკური ფაქტორების კომბინაციაა – ამ ფაქტორების კომბინაცია განსაზღვრავს სწორედ იმას, რამდენად შეძლებს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას.

- ბოლო პერიოდში ძალიან გამრავლდა სანქციების სიები, შავი სიები – ძირითადად, რუსეთ–უკრაინის ომის კონტექსტში, თუმცა კომპანიებთან მიმართებით, სხვადასხვა კონტექსტი შეიძლება არსებობდეს – რა განსხვავებაა ამ ტიპის სიებს შორის? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია სრულად არ არის სანქცირებული, მაგრამ ვთქვათ, მისი შვილობილია შავ სიაში შეყვანილი ან სანქცირებული? დღეს, შავი სიაც უნდა იყოს საფრთხილო სიგნალი მსგავს კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად?

- სანქციების ლანდშაფტი დღესდღეობით ძალიან კომპლექსური გახდა. თუ ხარ ბანკი ან კომპანია – განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც არ არის შეერთებული ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების რეჟიმთან – ძალიან ფრთხილად უნდა აწარმოო ბიზნესი, ძალიან ფრთხილად უნდა ივაჭრო. რამდენიმე ბანკია საქართველოში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული – გასათვალისწინებელია, რას ნიშნავს ამერიკული და ევროპული სანქციები მათთვის. საქართველოში არიან კომპანიები, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან ვაჭრობა – რას ნიშნავს ევროკავშირის და ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები მათთვის? ძალიან რთულია. საქართველოს გეოგრაფია უკვე არის გამოწვევა სანქციებთან მიმართებით – ერთი მხრივ, რუსეთის მოსაზღვრეა, მაგრამ მეორე მხრივ, ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობაც სურს. ბოლო პერიოდში ნახავდით, რომ ამერიკის ხაზინის მოადგილემ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით. ამდენად, თუ ბიზნესი ან კომპანია ხართ საქართველოში, მაშინ უნდა გადაწყვიტოთ სად უფრო ხედავთ საკუთარ თავს – თუ ხედავთ უფრო ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაშინ ლოგიკური იქნებოდა ამ სანქციებთან შეერთება. თუ ეს ასე არ არის – მაშინ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებთ ოპერირებას.

- სანქციებისთვის თავის არიდებასაც მინდა შევეხოთ. პირველი – რამდენად ადვილია მათი თავიდან არიდება და მეორე – რა შედეგები მოჰყვება, თუკი გამოგიჭერენ?

- რუსეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, ამ დრომდე გაანალიზებული მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდება საკმაოდ ადვილია. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი – ვაჭრობაში როგორც წესი ბანკები არიან ჩართულები და ახლა ამერიკაც და ევროკავშირიც სწორედ მათზე ფოკუსირდებიან – თუ ხართ ბანკი საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სანქციებისთვის თავის არიდებას, შეიძლება ძალიან ადვილად აღმოჩნდეთ ამერიკის ან ევროკავშირის სანქციების სიებში. ამდენად – კომპანიებზე, ბიზნესებზე, ინდივიდებზე კონცენტრირების ნაცვლად – G7-ში, უკრაინის მოკავშირეთა მიერ, ჩანს უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფოკუსირება მოხდეს ბანკებზე, რომლებიც შესაძლოა, მხარს უჭერდნენ არასანქცირებულ ვაჭრობას და ამ გზით სანქციებისთვის თავის არიდებას. ბანკებს აქვთ მსგავსი მიზეზებით დასანქცირების გამოცდილება და ისტორია. შესაძლოა, მეტი ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგოთ მომდევნო თვეების განმავლობაში.

- რადგან რუსეთზე ვისაუბრეთ ძირითადად ჩვენი ინტერვიუს ბოლოსკენ, გკითხავთ – მუშაობს ეს სანქციები რუსეთზე? როდის შეიძლება ველოდოთ წყალგამყოფ მომენტს, როცა რუსეთზე დაკისრებული ეს სანქციები შეიძლება უკვე დიდი სურათის შემცვლელი აღმოჩნდეს?

- მუშაობს თუ არა სანქციები? – ეს 24 მილიონდოლარიანი შეკითხვაა. ნაწილობრივ, დიახ, მუშაობს – მათგან თავის არიდება არ გახდებოდა საჭირო, მათ რომ სათანადო ეფექტი არ ჰქონდეთ. მაგრამ მეორე მხრივ რუსეთი მაინც აგრძელებს ომს უკრაინაში. მაინც იძიებს რესურსებს იმისთვის, რომ დაამზადოს დრონები და ჭურვები. ამ გადმოსახედიდან სანქციები ვერ მუშაობს. მნიშვნელოვანი გზავნილი ამ ნაწილში, ჩემი აზრით, ის არის, რომ სანქციების მოქმედება გრძელ ვადაში უფრო გამოჩნდება. ისინი ვერ გამოთიშავენ რუსეთის ეკონომიკას 24 საათში. სანქციებისთვის გვერდის ავლის ხვრელების ჩახურვა, ბანკებზე წნეხის გაზრდა, რომ მხოლოდ სანქციებით დაშვებული ტრანზაქციები განახორციელონ – ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც მგონია, რომ გაცილებით მეტი წნეხი იქნება განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერ ორგანიზაციაზე, ნებისმიერ ბანკზე, ნებისმიერ ინდივიდზე, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში.

- პარალელი რომ გავავლოთ ინდივიდუალურ სანქციებთან და ქცევის ცვლილების მოტივაციასთან – აქაც იმავეს მეტყოდით? სანქციებს ამისთვის დრო დასჭირდება? ესეც გრძელვადიანი პერსპექტივა უფროა?

- ესეც გრძელი პროცესია. რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, სადაც ამერიკულ სანქციებს ძალიან მოკლე დროში შეუცვლია ატიტუდები და ქცევები – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ინდივიდებს სურთ ამერიკასთან ურთიერთობა, მათი შვილები შეიძლება სწავლობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი, ამ შემთხვევაში ვიზის შეზღუდვა შესაძლოა, ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს – მაგრამ ზოგადად, სანქციების მიმართ არასდროს უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მათ მყისიერი ეფექტი ექნებათ. სანქციები გრძელვადიანი სტრატეგიის ერთი ელემენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები