მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებს "ბრჭყალები" გამოუჩნდა: "იმედის ბანკი" თუ ფინანსური ჩიხი?|ელენე კვანჭილაშვილი

„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი“ – „იმედი“, 27 თებერვალი 2026

მოკლედ გავაანალიზოთ, რის წაკითხვა არის შესაძლებელი სტრიქონებს შორის. მე გიზიარებთ ჩემს საავტორო ანალიზს.

სანქციების ეფექტურობის ირიბი აღიარება

„იმედის“ ეს განცხადება, პირადად ჩემთვის, არის საერთაშორისო სანქციების ეფექტურობის ირიბი, მაგრამ მკაფიო აღიარება. ეს რიტორიკული უკანდახევაა: თუ სანქციები „არაფერს ნიშნავს“ ან „მხოლოდ ფურცელზეა“, მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მედიაჰოლდინგს არ დასჭირდებოდა ალტერნატიული გზების ძიება და საგანგებო განცხადებების გავრცელება. „იმედი“ ამ განცხადებით სისტემურ იზოლაციას აღიარებს. როდესაც „იმედი“ საუბრობს იმაზე, რომ „არ სურს დარტყმის ქვეშ დააყენოს“ ბანკები, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კარგად ესმით: ქართული ბანკები (რომლებიც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე არიან დალისტულნი) რეალურად უფრთხიან დასანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას.

საერთაშორისო საბანკო წესები vs. ეროვნული ბანკის დირექტივა

რა ლოგიკაა? თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას მოწოდება – და ამ მოწოდებას უფრო დეტალურად ოდნავ მოგვიანებით შევეხები – ბანკებისთვის რეალური „ჯავშანია“, მაშინ „იმედს“ არავითარი ბარიერი არ უნდა ექმნებოდეს. ის ფაქტი, რომ მათ ალტერნატივებზე უწევთ ფიქრი, ადასტურებს, რომ საერთაშორისო საბანკო წესები უფრო ძლიერია, ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკური დირექტივა – ჯერ სებ–ის წესთან თავსებადობა.

საკუთარი საბანკო ინფრასტრუქტურის შექმნაზე აპელირება შეიძლება მივიჩნიოთ არა სიძლიერის, არამედ ფინანსური ჩიხის ნიშნად. წარმოიდგინეთ, ბანკის ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი. თუ სები გასცემს ლიცენზიას „სანქციების გვერდის ავლისთვის“ შექმნილ ბანკზე, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის – FATF–ისთვის, ევროკომისიისთვის – რომ საქართველო „ფულის გათეთრებისა“ და სანქციების არიდების ზონად იქცა. საბოლოო ჯამში, ასეთი ბანკი მაინც ვერ შეძლებს საერთაშორისო გადარიცხვებს, ვერ გამოიყენებს Visa-სა და Mastercard-ს და დარჩება მხოლოდ შიდა, ჩაკეტილ „კუნძულად“.

ტოქსიკურობის ზრდა & რიტორიკული კონტრასტი

„იმედის“ ეს განცხადება პრაგმატული დადასტურებაა, რომ სანქციებს აქვთ ბრჭყალები. სანქციების მიზანია არა მხოლოდ ფიზიკური პირის შეზღუდვა, არამედ მისი ტოქსიკურობის გაზრდა.

„იმედის“ განცხადება ადასტურებს, რომ ეს ტოქსიკურობა უკვე მუშაობს: სულ მცირე – ბიზნესპარტნიორები ფრთხილობენ; ტრანზაქციები ფერხდება; ჩნდება არასტანდარტული და ძვირადღირებული ფინანსური სქემების საჭიროება.

„იმედის“ ეს განცხადება ქართული ოცნების ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციასთან რიტორიკულ კონტრასტსაც აჩვენებს – პოლიტიკურ დონეზე გვესმის, “სანქციები უსამართლოა და არალეგიტიმური”. ფინანსურ დონეზე კი გვესმის, “„ვეძებთ სხვა ბანკს, რადგან არსებულებთან პრობლემა გვაქვს“. სწორედ ეს მეორე პუნქტია იმ რეალობის აღიარება, რომელსაც პირველი პუნქტი საჯაროდ უარყოფს.

„იმედის“ ეს განცხადება ჩემთვის არის მცდელობა, დაამშვიდოს საკუთარი თანამშრომლები და ბიზნეს-კონტრაქტორები, რომ „ხელფასები და გადახდები არ შეწყდება“. თუმცა, ირიბად, ეს არის დასტური იმისა, რომ დასავლურმა ფინანსურმა ინსტრუმენტებმა მიაღწიეს მიზანს: მათ შექმნეს დისკომფორტი და აიძულეს სუბიექტი, გადასულიყო გადარჩენის რეჟიმზე.

ბლეფი & სუვერენული დამოუკიდებლობის ნარატივი

რად შეიძლება მივიჩნიოთ საკუთარი ბანკის შექმნაზე საუბარი? მარტივად – ბლეფად ან - უკიდურეს ზომად, რომელიც კიდევ უფრო მეტად აშიშვლებს პრობლემის მასშტაბს. ფსიქოლოგიურ დონეზე, სანქციები მუშაობს ზუსტად მაშინ, როცა დასანქცირებული პირი იწყებს ფიქრს პარალელური, არასტანდარტული სისტემების შექმნაზე, რადგან ნელ–ნელა აცნობიერებს, რომ ცივილიზებული ფინანსური სამყარო მისთვის იხურება. ეს სურათის ერთი მხარეა.

სებ-ის გადაწყვეტილება & ორმაგი სტანდარტის რისკი

მეორე მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ სებ–ის პრეზიდენტის მოწოდება კომერციული ბანკების მისამართით, რომ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციის იხელმძღვანელონ და მეორე მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ბრიტანეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შემდეგ, რომ 40 წუთის განმავლობაში ელჩისგან არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ დაასანქცირა ლონდონმა იმედი და პოსტ ტვ.

მოდი, ვთქვათ, რა აქვს ამ ორ განცხადებას საერთო.

ნათია თურნავას განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს კონსტიტუციისა და ეროვნული კანონმდებლობის უზენაესობას საერთაშორისო სანქციებზე, პირდაპირ კავშირშია იმ სამართლებრივ პრეცედენტთან, რომელიც 2023 წელს ოთარ ფარცხალაძის შემთხვევის გამო შეიქმნა.

ეროვნული ბანკის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეზე (ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ფლობს) საერთაშორისო სანქცია ავტომატურად აღარ ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ საქართველოს სასამართლო არ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, ქართული ბანკები, სებ-ის ინსტრუქციით, არ არიან ვალდებულნი გაუყინონ ანგარიშები დასანქცირებულ პირებს.უფრო კონკრეტულად – „იმედისა“ და „პოსტვ-ის“ ჭრილში ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ბრიტანული სანქციებისა, ამ მედიასაშუალებებს და მათ მფლობელებს საქართველოში საბანკო მომსახურებით სარგებლობისას (ხელფასების გაცემა, ტრანზაქციები) ადგილობრივ დონეზე პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

ნათია თურნავას განცხადება, რომ „ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კონსტიტუციით“, არის პირდაპირი მინიშნება კომერციული ბანკებისთვის. თუმცა, აქ იქმნება ორმაგი სტანდარტის რისკი. ერთია, რა უნდა სებ–ს – მოითხოვს, რომ ბანკებმა არ შეზღუდონ საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ უცხოური სანქციების საფუძველზე და მეორეა – რას მოითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები – თუ ქართული ბანკები არ აღასრულებენ ბრიტანულ ან ამერიკულ სანქციებს, მათ თავად ემუქრებათ „მეორეული სანქციები“ და საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გათიშვა.

პოლიტიკური რეზისტენტობა & ღია დაპირისპირების ფაზა

მაკა ბოჭორიშვილის არგუმენტაცია არსებითად ეყრდნობა იმავე ლოგიკას, რასაც ნათია თურნავას მიერ შეცვლილი „საგამონაკლისო წესი“ – რომ სანქცია არ არის ვერდიქტი და სანამ დასავლური პარტნიორები არ წარადგენენ „უტყუარ მტკიცებულებებს“, რომლებსაც ქართული მართლმსაჯულება (ან სამთავრობო გუნდი) ცნობს, მანამდე სახელმწიფო მათ აღსრულებაზე პასუხისმგებლობას იხსნის.გამოდის, ეს ორი განცხადება ერთმანეთს ავსებს: პოლიტიკურ დონეზე – “სანქციები დაუსაბუთებელია”; ფინანსურ დონეზე – „რადგან დაუსაბუთებელია (არ არის ქართული სასამართლოს განაჩენი), ბანკები ვალდებულნი არიან კონსტიტუციით (საკუთრების უფლებით) იხელმძღვანელონ და არა უცხოური აქტებით“.

ხელისუფლების მხრიდან ამხელა რეზისტენტობა ბრიტანული სანქციების მიმართ ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ამ მედიასაშუალებების მნიშვნელობას მმართველი გუნდისთვის. მაგალითად: გუშინ გავიგეთ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს აღქმას, რომ იმედი სახელისუფლებო არხია. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ მზად არის ანგარიში გახსნას ‘იმედის ბანკში’ თუკი ასეთი შესაძლებლობა მიეცემა.

მეორე მხრივ, იგივე რეზისტენტობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმასაც, რომ საქართველო გადასულია „ღია დაპირისპირების“ ფაზაში უშუალოდ იმ დასავლურ ინსტიტუტებთან, რომლებიც მმართველი გუნდის ინტერესებს ეხებიან. ბრიტანული სანქციები პრაქტიკულად აფორმებს მოცემულობას, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის აღარ არის მხოლოდ ტექნიკური გაუგებრობა — ეს არის ქართული ოცნების შეგნებული არჩევანი, დაიცვან „საკუთარი ფინანსური და მედია ეკოსისტემა“ სტრატეგიული პარტნიორობის ხარჯზეც კი.

საფრთხეები სუვერენული რეიტინგისთვის

რატომ ცდება ეს ყველაფერი იმედის მასშტაბს და რა შეიძლება მოგვიტანოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმის განურჩევლად, თუ რის გვჯერა და ვის ვუჭერთ მხარს? ძალიან კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ და ამისთვის კიდევ ერთი კომენტარის მოშველიება დამჭირდება.

კერძოდ, ქართუ–ს პოდკასტში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაახმოვანა მოლოდინი, რომ გარკვეულ პერიოდში საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეიძლება გაუმჯობესდეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა და რეიტინგის პროგნოზები ამის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა.

მოდი, შევხედოთ, რამდენად შეიძლება გამართლდეს ფინანსთა მინისტრის ეს ოპტიმისტური მოლოდინები ბრიტანული სანქციების და ქართული ოცნების მათდამი დამოკიდებულების კონტექსტში.

სარეიტინგო სააგენტოები – Fitch–ი, Moody’s–ი, S&P–ი – ქვეყანას ოთხი ძირითადი სვეტით აფასებენ: ეკონომიკური სტრუქტურა, ფისკალური ფინანსები, საგარეო ფინანსები და ინსტიტუციური/პოლიტიკური სიმყარე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირველ სამ პუნქტში შესაძლოა დადებით დინამიკას აჩვენებდეს, საქართველოში IMF-ის ე.წ. სთენდ–ბაი პროგრამის გაჩერების და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ, ინსტიტუციური ნაწილი ამჟამად ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნათია თურნავას მიერ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპის პრაქტიკული დარღვევა და საერთაშორისო ფინანსურ წესრიგთან დაპირისპირება არის „წითელი ალამი“ სააგენტოებისთვის, რამაც შესაძლოა გადაწონოს ეკონომიკური ზრდისგან მიღებული პოზიტივი. თუ ფინანსთა მინისტრი რეიტინგის გაუმჯობესებას ელის, სააგენტოები აუცილებლად შეაფასებენ, რამდენად დაცულია საბანკო სექტორი პოლიტიკური გავლენებისგან.

როდესაც „იმედი“ და სხვა სანქცირებული პირები პოულობენ გზებს შიდა საბანკო მომსახურების მისაღებად ეროვნული ბანკის „საგამონაკლისო წესით“, ეს ზრდის ქვეყნის საგარეო მოწყვლადობას.

რეიტინგის გაუმჯობესების ნაცვლად, ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს რეიტინგის „ნეგატიური პერსპექტივა“, რადგან იზრდება ფინანსური იზოლაციისა და მეორეული სანქციების რისკი. სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ფაქტორად ყოველთვის ასახელებდნენ ევროკავშირთან დაახლოებასა და სტრუქტურულ რეფორმებს. სააგენტოებისთვის ეს ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიების შესუსტებას ნიშნავს, რაც რეიტინგის გაუმჯობესების შანსებს ამცირებს.

თურქული & უნგრული სცენარების გაკვეთილები

შეიძლება პირდაპირი მაგალითები არ არის, მაგრამ თურქული სცენარი და უნგრული სცენარი გაკრვეული ტიპის დასკვნების და სიფრთხილის საფუძველს მაინც იძლევა.

თურქეთი ალბათ ყველაზე მწვავე მაგალითია იმისა, თუ როგორ ანადგურებს ინსტიტუციური კრიზისი რეიტინგს. პრეზიდენტ ერდოღანის მუდმივმა ჩარევამ ცენტრალური ბანკის საქმიანობაში გამოიწვია თურქეთის რეიტინგის „საინვესტიციო“ დონიდან „ნაგვის“ (Junk) კატეგორიამდე ჩამოქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ჰქონდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მძლავრი წარმოება, ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა, რადგან დაინახეს, რომ პოლიტიკური ნება ფინანსურ წესებზე მაღლა დადგა. შედეგად, ლირის კურსი კატასტროფულად დაეცა და ქვეყანა ჰიპერინფლაციის წინაშე აღმოჩნდა.

ვიქტორ ორბანის მთავრობის რიტორიკა სუვერენიტეტისა და გარე ჩარევების ელფერებით, უნგრეთს ევროკავშირის მილიარდობით ევროს დაფინანსების გაყინვად უჯდება. სარეიტინგო სააგენტოებმა უნგრეთის პერსპექტივა „ნეგატიურამდე“ სწორედ იმის გამო შეამცირეს, რომ ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის სტანდარტები და დაუპირისპირდა საერთაშორისო პარტნიორებს. ინვესტორებისთვის უნგრეთი გახდა „პრობლემური წევრი“, რაც ქვეყანას სესხის აღებას დღემდე საგრძნობლად უძვირებს.

დეზინფორმაცია როგორც იარაღი & ინსტიტუციური ეროზია

სულ ბოლოს: ერთი – რა შუაშია უკრაინა და რუსული დეზინფორმაცია?

ბრიტანეთისთვის (და დასავლეთისთვის) უკრაინის ომი არ არის მხოლოდ ლოკალური კონფლიქტი, ეს არის ჰიბრიდული ომი, სადაც ინფორმაცია იარაღია. ბრიტანეთის არგუმენტაციით, დეზინფორმაცია მხოლოდ პირდაპირი „რუსული პროპაგანდა“ – მაგალითად, Sputnik–ი – არ არის. ეს არის ასევე ადგილობრივი მედიის მიერ შექმნილი გარემო, სადაც ევროატლანტიკური სტრუქტურები დემონიზებულია, რაც რუსეთისთვის „რბილი ძალის“ გამოყენებას აადვილებს. ალბათ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სანქციები მიმართულია არა ჟურნალისტების, არამედ იმ ფინანსური რესურსების წინააღმდეგ, რომლებიც კვებავენ ამ ნარატივებს. მე როგორც ვხედავ – ბრიტანეთის ლოგიკით, თუ „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „ანტიდასავლური“ მედიის მფლობელებს შეეზღუდებათ საერთაშორისო კაპიტალთან წვდომა, მათი გავლენის ხარისხი შემცირდება.

და მეორე – მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნათია თურნავას განცხადება მხოლოდ „შიდა მოხმარებისაა“ და ბანკები მას რეალურად არ გაითვალისწინებენ, ერთი შეხედვით დამამშვიდებლად ჟღერს, თუმცა სისტემური თვალსაზრისით, ეს დაშვება კიდევ უფრო მძიმე სურათს ხატავს ინსტიტუციური ეროზიის კუთხით.

როდესაც სებ-ის პრეზიდენტის ბრძანება „მხოლოდ ფურცელზე“ რჩება, მისი წონა საერთაშორისო ინვესტორებისა და რეიტინგის სააგენტოების თვალში ნულდება. ის აღარ აღიქმება დამოუკიდებელ ტექნოკრატად, არამედ – პოლიტიკურ ფიგურად, რომლის სიტყვასაც პროფესიული წრეები სერიოზულად აღარ თვლიან. იქმნება ერთგვარი ორხელისუფლებიანობა — ფორმალურად ქვეყანას მართავს სებ-ის ბრძანება, მაგრამ პრაქტიკაში ბანკები საერთაშორისო – ამერიკის, ბრიტანეთის – წესებით ხელმძღვანელობენ. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ფინანსურ სუვერენიტეტს თავად სებ-ის არათანმიმდევრული პოლიტიკა ასუსტებს.

ბანკები ხვდებიან „ჩაქუჩსა და გრდემლს“ შორის: თუ ისინი დაემორჩილებიან თურნავას, დაასანქცირებს დასავლეთი; თუ არ დაემორჩილებიან, თეორიულად, მათ შეიძლება დაუპირისპირდეს ადგილობრივი კანონმდებლობა ან მარეგულირებლის სანქციები. ეს გააძვირებს საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვას, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაინახავენ, რომ საქართველოში მარეგულირებელსა და კომერციულ სექტორს შორის „ომია“. ეს კი დროთა განმავლობაში აუცილებლად აისახება ბიზნეს-სესხებისა და იპოთეკების პროცენტზე.

რომ შევაჯამოთ: „შიდა მოხმარების“ არგუმენტი შესაძლოა ამშვიდებდეს ბანკების კლიენტებს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ზოგადად, როდესაც მარეგულირებლის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ფინანსური სისტემა „ავტოპილოტის“ რეჟიმში გადადის, რაც პირველივე სერიოზული – მაგალითად, პანდემიის მსგავსი – კრიზისის დროს, ჯერ კიდევ მეტწილად ღარიბი საქართველოსთვის, შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები