საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები წარუდგინეს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული VTB ბანკი 6 თვის შედეგებით 15 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა, რითიც 15 კომერციულ ბანკს შორის მერვე ადგილი დაიკავა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ VTB-იმ საკუთარი აქტივების და ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გაასხვისა, მას მაინც დარჩა დეპოზიტების და კრედიტების გარკვეული პორტფელი, რომლიდანაც ბანკი ამ დრომდე იღებს შემოსავლებს. საქციების დაწესებამდე ბანკის აქტივები 2.1 მილიარდი ლარი იყო და მას 1.55 მილიარდი ლარის საკრედიტო და 1.56 მილიარდის სადეპოზიტო პორტფელი ჰქონდა. ამჟამად კი ბანკის აქტივები 413 მილიონი ლარია, მისი სესხების პორტფელი 202 მილიონი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 22 მილიონი ლარია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკმა წლის პირველ ნახევარში სესხებიდან 7.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი 0.7 მილიონი ლარი იყო, ამასთან ბანკს ჰქონდა 17.7 მილიონი ლარის მოგება სავალუტო სახსრების გადაფასებიდან, ხოლო მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 19.6 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება ბანკის საპროცენტო ხარჯებს ის 5.4 მილიონ ლარს შეადგენდა, არასაპროცენტო ხარჯები კი 9 მილიონი ლარი იყო, საიდანაც ბანკის ადმინისტრაციის შენახვაზე 4.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. შედეგად, ბანკს წმინდა მოგების სახით 15 მილიონი ლარი დარჩა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის 97%-იანი წილის მფლობელია რუსული VTB ბანკი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე (60%-ით) არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო.