სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 10.88 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კერძოდ, პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს და მისი ფარგლებში ტერიტორიაზე ჯამში 10 170 მწვანე ნარგავის დარგვაა დაგეგმილი.
უწყების ცნობით, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო დეგრადირებული - არსებობდა უკანონო შემოღობვებიც, რის შედეგადაც დაახლოებით 3 ჰექტარი მიწა თვითნებურად იყო მითვისებული. ეს ფართობი სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა.
მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში მწვანე საფარის გაზრდასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობასა და აღდგენას. ასეთი ტერიტორიები თბილისის საერთო ფართობის 23.6%-ს შეადგენს. 2018 წლიდან გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს ტყის გამაჯანსაღებელ და აღდგენით სამუშაოებს, მათ შორის დეგრადირებულ ფართობებზე ხეების დარგვას, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, სანიტარიულ ჭრებსა და დაზიანებული ან ნახანძრალი ზონების გაწმენდას. 2018-2025 წლებში, მსგავსი სამუშაოები უკვე 140 ჰექტარ ტერიტორიაზე შესრულდა.

























