სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილში გასტრო-ტურისტულმა ობიექტმა საოჯახო მარანმა „ოდამ“ ტყემლის და აჯიკის სატესტო პარტია აწარმოა.
BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მცირე მეურნეობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქეთო ნინიძე ამბობს, რომ პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებით შემცირებულმა მოთხოვნამ, მათ, ღვინოსთან ერთად ახალი პროდუქტების წარმოების დაწყებისკენ უბიძგათ.
„წლევანდელი წელი საცდელი იყო. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ტურისტული ობიექტია და რადგან წელს პანდემიის გამო შეზღუდულმა ტურიზმმა ჩვენი შემოსავლები შეამცირა, გადავწყვიტეთ რომ წარმოება უფრო გაგვეაქტიურებინა. ჯერ ექსპერიმენტული წარმოება გვაქვს, თუმცა მომავალი წლიდან ვფიქრობთ, ამას ხორცის და ყველის დავარგებული წარმოება დავამატოთ და შევხედავთ, როგორც წარიმართება ეს პროცესი“, - აღნიშნა მარნის მფლობელმა ქეთო ნინიძემ და დასძინა, რომ წარმოება საკუთარი რესურსით წამოიწყეს და საცდელად 200 ბოთლი ტყემალი და 300 ბოთლი აჯიკა აწარმოეს, რომლის ყიდვაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ონლაინ მაღაზია Soplidan.ge-ზეა შესაძლებელი.
ცნობისთვის: საოჯახო მარანი „ოდა“ გასტრო-ტურისტული ობიექტია, რომელიც დასავლეთი საქართველოს იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ორგანულ ღვინოებს აწარმოებს, რისთვისაც ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. ღვინის დაწურვა 2015 წელს 200 ბოთლიდან დაიწყეს, დღეს კი წარმადობა 6 000 ბოთლამდეა გაზრდილი, რომლის დიდი ნაწილი - 85% ექსპორტზე დაახლოებით 11 ქვეყანაში გადის.