მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საოკუპაციო ხაზთან საწარმოში ინვესტიციის ჩადება დიდი რისკია, სულ გვეშინია, რამე არ მოხდეს" - „ფრუტერა“

64315afe0ed18
სალომე ხიდურელი
09.04.23 09:20
651
ჩირებისა და ტყლაპების მწარმოებელი კომპანია „ფრუტერა“ ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. ამ ეტაპზე საწარმო 10 დასახელების ჩირსა და 4 დასახელების, მათ შორის ინოვაციურ, ქლიავისა და სეზამის მარცვლების, ტყლაპს აწარმოებს. როგორც „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.

„2020 წელს USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობი გადმომეცა. ამავე წელს ჩემსავე ხილის ბაღში ავაშენე საწარმო, რომელიც 2021 წელს გავარემონტე და „ფრუტერას“ სახელით დავიწყეთ ფუნქციონირება. საწარმო ქარელის რაიონ სოფელ დერბში მდებარეობს. სოფელი საოკუპაციო ხაზთანაა, ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოს.

გვაქვს 10 დასახელების ჩირი, ყველაზე დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ შავი ქლიავის ჩირს, ასევე ვაშლისა და ატმის ჩირებს; 4 დასახელების ტყლაპს, მათ შორის ქლიავის ტყლაპი სეზამის მარცვლებით, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და ცნობილი თითქმის არ არის. ამ ყველაფერს წარმოების მასობრივი სახე აქვს, თუმცა 2023 წლის ბოლომდე ახალ პროდუქტებსაც გამოვუშვებთ, რომლებსაც ამ ეტაპზე ვტესტავთ“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.

„ფრუტერას“ დამფუძნებლის განმარტებით, მათი პროდუქცია ამ ეტაპზე „კარფურის“ ქსელის 6 ფილიალში რეალიზდება, თუმცა ზაფხულიდან კომპანია HACCP-ის სტანდარტების დანერგვას იწყებს, რაც სხვა სუპერმარკეტებში შესვლასაც გაამარტივებს.

„სოფლის განვითარების სააგენტოსგან უკვე მოვიპოვე 50%-იანი დაფინანსება, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიას ვუხდი HACCP-ის სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად და აგვისტოდან უკვე დაიწყება ეს პროცესი.

ამის შემდეგ შევძლებთ, „კარფურის“ 20-მდე ფილიალსა და სხვა მარკეტებშიც შევიდეთ და, რაც მთავარია, საშუალება გვექნება ექსპორტზე ევროპის მიმართულებით გავიდეთ - ჩემი დიდი სურვილი გერმანული ბაზრის ათვისებაა“, - აცხადებს დავით გელუტაშვილი.

საწარმოს მართვის სირთულეებზე საუბრისას, „ფრუტერას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საწარმოში ინვესტიციის ჩადება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

„როდესაც საქმეში დიდ ინვესტიციას დებ (თავის დროზე 140 000 ლარიანი ინვესტიცია განვახორციელე) ადგილზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთანაა და შეიძლება, ოდესმე ე.წ. საზღვრის იქით აღმოჩნდეს - სარისკოა. მუდმივად გაქვს შიშის შეგრძნება, რამე არ მოხდეს. იმედია, მსგავსი არაფერი იქნება“, - ამბობს გელუტაშვილი.

ცნობისთვის, „ფრუტერას“ საწარმომ გასულ წელს 1500 კგ-მდე პროდუქცია აწარმოა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანია წარმადობის 3.5-ჯერ ზრდასა და ჩირისა და ტყლაპის შეფუთვის დახვეწას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები