მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოში ინფლაცია კიდევ გაიზრდება“ - ISET

62302667b9e4b
თათია ჩაფიჩაძე
15.03.22 22:10
809
„საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოში ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება“ – ამის შესახებ ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ია კაცია BMG-თან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, ფიზიკურად პროდუქტების არარსებობის წინაშე სავარაუდოდ ქვეყანა არ დადგება, თუმცა მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები და ნავთობის ფასის ზრდა, პროდუქციის საბოლოო ფასს უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდის.

ISET-ში ვარაუდობენ, რომ ფასები გაიზრდება როგორც ხორბალზე, ისე რძის პროდუქტებზე და სხვა პირველადი მოხმარების საკვებზე.

„ომის მდგომარეობაში უნდა გამოირიცხოს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი, რუსეთმა უკვე დააწესა შეზღუდვები ხორბალზე და სხვა პროდუქტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ჩამონათვალშია ხორბალი, ასევე რძის პროდუქტები, რომლის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები იყვნენ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა. წელიწადის ამ პერიოდში განსაკუთრებით იკლებს ნედლი რძის წარმოება და მას ანაცვლებს ხოლმე იმპორტირებული რძის ფხვნილი. მიწოდების ჯაჭვში შეზღუდვები გამოიწვევს ამ პროდუქტებზე ფასების ზრდას, გაზაფხულიდან უკვე ადგილობრივი წარმოება დაწყება და შესაძლებელია უფრო დასტაბილურდეს ვითარება, მაგრამ ახლა მოსალოდნელია გაძვირება.

ასევე ფასები სავარაუდოდ გაიზრდება მარცვლეულ კულტურებზე, იმაზე რისი მომწოდებელიც რუსეთია. მარცვლეულის 2-თვიანი მარაგები არის, ფიზიკურად არარსებობის პრობლემის წინაშე არ დავდგებით. გვახსოვს პანდემიის დასაწყისშიც იყო ეს პრობლემა, თუმცა მოხდა სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლება, ამიტომ დეფიციტი არ გვექნება, თუმცა მოსალოდნელია ფასების ზრდა იმ პროდუქტებზე, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ ადამიანები.

რაც უფრო დიდი ხანი იქნება ომი, მით უფრო დიდხანს იქნება გაურკვევლობა და შეფერხება. უნდა ვეცადოთ ალტერნატიული გზების მოძებნა და პროცესების იმგვარად გადაწყობა, რომ ის ნაკლებ მტკივნეული იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. იცით, რომ ნავთობის ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გაძვირება საბოლოო პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ რუსეთზე დამოკიდებულება რისკიანია, არასტაბილურია და უმჯობესია მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია, ამ მიმართულებით არის გარკვეული პროგრამები, ადგილობრივი წარმოების გაზრდის, "დანერგე მომავალი" და სხვა და სხვა, თუმცა ეს დროში გაწელილი და რთული პროცესია. ჩვენ დღესაც დამოკიდებული ვართ რუსეთზე და ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა მოქმედებს ადგილობრივ ფასებზე.“ - განაცხადა ია კაციამ.

ცნობისთვის, სურსათის ფასების ინდექსმა თებერვალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. FAO-ს თანახმად, ყველაზე მეტად გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ის წინა თვესთან შედარებით 8,5 პროცენტით არის მომატებული, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ეს ძირითადად განპირობებულია პალმის, სოიას და მზესუმზირის ზეთებზე გაზრდილი ფასით და ინდონეზიიდან პალმის ზეთის მიწოდების შემცირებით.

რაც შეეხება რძის პროდუქტების ფასების ინდექსს, ეს მაჩვენებელი თებერვალში საშუალოდ 6,4 პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე იანვარში, რაც განპირობებულია მოსალოდნელზე ნაკლები რძის მარაგით, ასევე, იმპორტის მუდმივი მოთხოვნით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც გამოწვეულია მსხვილ მარცვლეულზე ფასის მაღალი კვოტირებით. ხორბლის მსოფლიო ფასი 2,1 პროცენტით გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც ძირითადად შავი ზღვის პორტებიდან საერთაშორისო ბაზრებზე მარაგების მოწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა.

საანგარიშო პერიოდში FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების ზრდის გამო, 1,9 პროცენტით დაეცა, ხორცის ფასის ინდექსი კი 1,1%-ით გაიზარდა.

FAO-ში პროგნოზირებენ, რომ უახლოეს თვეებში ომის შედეგები ფასებზე უფრო მეტად აისახება. ფასის ზრდა სავარაუდოდ 8%-დან 22%-მდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები