მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საპარკინგე ადგილების რაოდენობა რამდენიმე ათასითაც რომ გაიზარდოს, საკმარისი მაინც არ იქნება” - ლალიაშვილი

6491b64f3a360
ანუკა ჯოხაძე
21.06.23 10:00
1429
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ წლიურად, პარკირების ადგილების რაოდენობა მცირდება. მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა 29 474 იყო, 2022 წლის ბოლოს, მათმა რაოდენობამ 28 553 შეადგინა. ამჟამად კი, დედაქალაქში ჯამში 27 667 საპარკინგე ადგილია, რაც წინა წელთან შედარებით ადგილების 886-ით შემცირდა.

ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო რეფორმიდან გამომდინარე დედაქალაქში დამატებითი საპარკინგე სივრცეების გაჩენა შეუძლებელია, რადგან ქალაქში ავტომობილების რაოდენობის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საკმარისი საპარკინგე ადგილები ვერასდროს იქნება.

“ავტომობილების რაოდენობა ჯერ კიდევ მზარდია დედაქალაქში, რაც ბუნებრივია, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა ჯერ კიდევ პროცესშია და ის კომფორტი, რომელსაც ჩვენ ველოდებით რაღაც პერიოდის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ნაწილში ჯერ არ არის. ეს ინდიკატორია, როცა ავტომობილების რაოდენობა იზრდება, რაღაც პრობლემაა... ადამიანები ჯერ ვერ გრძნობენ კომფორტს იმ სატრანსპორტო ქსელით, რომელიც გვაქვს.

რაც შეეხება პარკირებას, მზარდ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს ის ოდენობა, რაც არის. რამდენიმე ათასითაც რომ გაიზარდოს საპარკინგე ადგილების ოდენობა, ამას ვერ მოაწესრიგებს. ზონალური პარკირება მათ შორის უფრო ეფექტიანია. თუ შევხედავთ ყოველდღიურად, თუ მძღოლი დილიდან საღამომდე აჩერებს ავტომობილს ერთი და იგივე ადგილზე მაშინ, როცა ის იხდის საათობრივად გადასახადს, ყოველთვის ურჩევნია რომ ლიმიტირებული დროით გააჩეროს. ამით სხვა მძღოლისთვის თავისუფლდება სივრცე", - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ოთხ თვეში პარკირების წესების დარღვევისთვის 10 923 500 ლარია გამოწერილი. როგორც bm.ge-სთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად წლების განმავლობაში შეადგენდა:

2021 წელს - 6 164 730 ლარს;
2022 წელს - 12 840 530 ლარს;
2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები