მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო 1.7 მილიარდ ლარს 8 ბანკში ინახავს

6165339236cd8
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.21 11:16
1957
საქართველოს 1,166,737 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.

საპენსიო სააგენტომ პარლამენტს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა 2021 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ამჟამად, საპენსიო ფონდის აქტივები 8 კომერციულ ბანკშია განთავსებული. ამასთან, საპენსიო აქტივებს ჯამში 11.15%-ის წლიური საპროცენტო სარგებელი ერიცხებოდათ.

“თანხა განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში: 70.3% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 29.7% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს. საშუალო შეწონილი წლიური ეფექტური სარგებელი შეადგენდა 11.15%-ს. სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და ვადიანი ანაბრების საშუალო შეწონილი ვადიანობა შეადგენდა 2.49 წელს, ხოლო სრული პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობა (სარგებლიანი მიმდინარე ანგარიშის გათვალისწინებით) 1.70 წელს.

საპენსიო ფონდის მოგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება შეადგენდა 17.8%-ს, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24%-ს

2021 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა შეიძინა სულ 10 ახალი სადეპოზიტო სერტიფიკატი და ვადიანი ანაბარი, ჯამური მოცულობით 288,200,451 ლარი", - ნათქვამია ანგარიშში.

საპენსიო სააგენტოს, ჯერჯერობით, სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტიციის განხორციელების პროცესი არ დაუწყია, თუმცა ორგანიზაციამ 1 ოქტომბერს ამ მიზნით სპეციალიზებული დეპოზიტარის დაქირავების ხელშეკრულება გააფორმა. სააგენტოსთვის ამ ფუნქციას “საქართველოს ბანკი” შეასრულებს; სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით კი საპენსიო სააგენტოს ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყება შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები