მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო: მოქალაქეთა დანაზოგებს ₾490 მილიონის სარგებელი დაერიცხა

642fe4dd85c68
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.23 13:47
895
საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2023 წლის მარტის მდგომარეობით ფონდის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო ფონდის მოცულობა 3.23 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 1.2 მილიონი ადამიანის საპენსიო დაზოგს წარმოადგენს.

ამ თანხაში მოქალაქეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს 2-2-2%-იანი კონტრიბუციების ჯამია 2.74 მილიარდი ლარი, ხოლო თავად საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ამონაგები 492 მილიონ ლარს შეადგენს.

იმისთვის, რათა საინვესტიციო საქმიანობის შედეგი იყოს დადებითი, აუცილებელია, რომ რეალური ამონაგები მინიმუმ ინფლაციის დონეს აჭარბებდეს. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ ამ მხრივ დაბალი ამონაგები განაპირობა. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მას შემდეგ კუმულატიურმა (ჯამურმა) ინფლაციამ 37.43% შეადგინა. მასთან შედარებით საპენსიო სისტემის რეალური ამონაგები 4.28%-ით უფრო მაღალი იყო.

საპენსიო დანაზოგების 60% ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის ჩადებული. პორტფელის 16% სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული, 12% საერთაშორისო კომპანიების აქციებში, 5% უცხოურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, 4.5% კი ბანკების სარგებლიან ანგარიშებზე დევს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საპენსიო სააგენტოს კიდევ ერთ ინვესტიციის შესახებ. ფონდმა “თიბისი ლიზინგის” მიერ გამოშვებულ 80-მილიონიან ობლიგაციაში 8 მილიონი ლარი დააბანდა. ამ ობლიგაციის ვადიანობა 3 წელს შეადგენს, ხოლო მისი განაკვეთი თბილისის ბანკთაშორის განაკვეთს პლუს 3 პროცენტია, რაც ამჟამად 14%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები