საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი გიორგი დანელია სააგენტოს მმართველობითი საბჭოს ახალ წევრებს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტო რესტრუქტურირებულ მმართველობით საბჭოსთან ერთად ახალ ფაზაში შედის.
"როგორც ყოფილი ხელმძღვანელი და კოლეგა, მინდა მადლიერება გამოვხატო წინა მმართველობითი საბჭოს მიმართ, განსაკუთრებით მიმავალი წევრების - ოლივიე რუსსოსა და ტიმო ვიჰერკენტას მიმართ ქვეყნის საპენსიო სისტემის ფორმირების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თქვენი ძალისხმევა მნიშვნელოვანი იყო ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში.
ამავდროულად, საუკეთესოს ვუსურვებ გამგეობის მოქმედ წევრებს მაიკლ რიდლის და ჟან ფრედერიკ პოლსენს, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთ მნიშვნელოვან საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება და ერთგულება ფასდაუდებელია სააგენტოს წინსვლისთვის.
ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ახლად დანიშნულ საბჭოს წევრებსაც - ლევან შავკაციშვილს და გია (გრიგოლი) მორჩილაძეს. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან, მაგრამ გამოწვევებით სავსე როლში", - წერს გიორგი დანელია, რომელმაც სააგენტოს დირექტორის პოსტი 2023 წელის ივნისში ვადაზე ადრე დატოვა. მას შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო 9 წევრით უკვე დაკომპლექტდა. შესარჩევი კონკურსის შედეგად 8 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია, მეცხრე თანამდებობრივი წევრი კი ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძეა.
საპენსიო ფონდის განახლებული მმართველობითი საბჭოს წევრები მუშაობას მარტიდან შეუდგნენ.