საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრები მუშაობას მარტიდან შეუდგებიან.
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ განთავსებული იყო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეც. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა განახორციელა შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგებოდა.
„მმართველობითი საბჭოს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 100-მდე უცხოელმა და ქართველმა კანდიდატმა მიიღო, მსურველთაგან 38 გადავიდა შემდგომ შესარჩევ ეტაპზე, საბოლოო გადაწყვეტილებით, კი სამი წლის ვადით შეირჩა: მაიკლ რიდლი, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, ფრედერიკ არტეზანი, ლევან შავკაციშვილი და გრიგორი მორჩილაძე, ხოლო ორი წლის ვადით: თეონა გუნცაძე, თამარ ტყეშელაშვილი და გიორგი მაისურაძე“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შერჩეული კანდიდატებიდან ორი - მაიკლ რიდლი და ჟან-ფრედერიკ პოლსენი - ამ დრომდე ასრულებდნენ საინვესტიციო საბჭოს წევრის მოვალეობას.
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
ფრედერიკ არტეზანი - მას აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის აქტივების მართვის მიმართულებით. 2005-10 წლებში იგი იკავებდა ესპანური ნავთობის კომპანიის (CEPSA FONDO DE PENSIONES) საპენსიო სქემის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას (მადრიდი, ესპანეთი). 2010 წლიდან 2023 წლამდე ბატონი არტეზანი იყო კოსოვოს საპენსიო სქემის (KPST) მმართველობითი საბჭოს წევრი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე. ფრედერიკ არტეზანს ეკონომიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან, ასევე სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის და მადრიდის უნივერსიტეტებში.
მაიკლ რიდლი - მას აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე. ამავე საინვესტიციო ბანკში იგი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს, ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით. მაიკლ რიდლი იყო Solomon Brothers-ში მმართველი დირექტორი და ხელმძღვანელობდა ფიქსირებული შემოსავლიანობის ინსტრუმენტების მიმართულებას. ამჟამად, ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული ფონდის საკითხებში. მას აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის Trinity College-ში მიღებული მაგისტრის ხარისხი კლასიკაში, ფილოსოფიაში და უძველეს ისტორიაში.
ჟან-ფრედერიკ პოლსენი - 2023 წლის ივლისიდან არის ფარმაკოლოგიური კომპანია ფერინგის (Ferring Ventures SA) აღმასრულებელი დირექტორი. პოლსენი კომპანიას 2020 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წლის ივლისში გახდა ფერინგის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2015 წლიდან ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2019 წლებში იგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და ბუღალტერიაში ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE).
მმართველობითი საბჭოს ქართველი წევრები კი არიან:
გიორგი მაისურაძე - 2022 წლიდან დღემდე ასრულებს IDS Borjomi International დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას. გახლავთ საპატიო კონსული სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში (საქართველოში), ის ასევე ასრულებს LUKOIL საქართველოში ლოგისტიკის და B2B გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას. ის YTONG CAUCASUS თბილისი, საქართველო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და არაერთ ქართულ და უცხოურ ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციაში აქვს მიღებული გამოცდილება. გიორგი მაისურაძე ფლობს მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების სპეციალიზებით.
ლევან შავკაციშვილი - აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2010-2017 წლებში Citibank-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა, სადაც 2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა სტრუქტურირებული დაფინანსების მიმართულებით და ფარავდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს. 2018-2023 წლებში ლევან შავკაციშვილი "თიბისი ბანკის" კორპორაციული კლიენტების მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2023-2024 წლებში იგი წამყვანი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტ“ -ის აღმასრულებელი დირექტორის და უფროსი მრჩევლის როლს იკავებდა. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2010 წელს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. ამასთან, 2023 წელს მან გაიარა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Executive Program) კალიფორნიაში.
გრიგორი მორჩილაძე - 30 წელზე მეტია მოღვაწეობს ფინანსური სერვისების, საინვესტიციო მენეჯმენტისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამჟამად იკავებს Foresight Investment Group-ის, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დირექტორის პოზიციას. გრიგორი მორჩილაძის პროფესიული გამოცდილება უკავშირდება აქტივების მართვას, რისკების შეფასებასა და სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას. ის ასევე გახლდათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წევრი. მისი კარიერის განმავლობაში მას ასევე ეკავა მაღალი პოზიციები ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებში და უძრავი ქონების სექტორში. მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე.
თეონა გუნცაძე - მას აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის 20-წლიანი გამოცდილება უმაღლეს თანამდებობებზე. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იგი იკავებდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) ოპერირების ხელმძღვანელის პოზიციას. მას ასევე აქვს გამოცდილება საბროკერო კომპანიებთან და დეპოზიტარებთან ურთიერთობაში. 2007-2008 წლებში იგი იყო „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ხოლო ფინანსების მართვის სპეციალიზაციით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა ESM-თბილისისგან.
თამარ ტყეშელაშვილი - 2021-2024 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. სხვადასხვა დროს მას ეკავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პოზიცია. გახლდათ, პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი და 2015-2019 წლებში გახლდათ იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორი, ასევე, აქვს გამოცდილება შპს „ენერგოტრანსი“-ის, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მას აქვს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორთან ურთიერთობის მიმართულებითაც, მათ შორის მსხვილი საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერით. ის ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი 11 დეკემბერს გამოაცხადა.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.
მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სამი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება და ხუთი პროფესიონალი წევრისგან რომელთაც დამატებით უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. დადგენილების თანახმად, მმართველობით საბჭოს თანამდებობრივ წევრს, წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შეარჩევს და საქართველოს პრემიერ მინისტრს დასანიშნად წარუდგენს შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება რვა წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის სამი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ორი წევრი.