მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ გია მორჩილაძე აირჩიეს

გია მორჩილაძე

საქართველოს საპენსიო ფონდის ახლად დანიშნულმა მმართველობითმა საბჭომ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო და თავმჯდომარედ გია მორჩილაძე აირჩია.

მორჩილაძის მოადგილე თეონა გუნცაძე იქნება. სააგენტო წერს, რომ გარდა ამისა, მმართველობითმა საბჭომ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა საბჭოს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო კომიტეტები და დააკომპლექტა

მორჩილაძის რეზიუმეში წერია, რომ საბანკო სექტორის პროფესიონალია, 20 წლიანი გამოცდილებით, აქედან 14 წელი ტოპ მენეჯმენტში. მისი პროფესიული კვალიფიკაცია ცდება საბანკო სექტორს და დამატებით გააჩნია 15 წლიანი გამოცდილება ინვესტირებასა და პროექტების მართვაში სხვადასხვა ინდუსტრიაში, რომლის საერთო პორტფელის მოცულობა $45 მილიონია.

2014-2015 წლებში გია მორჩილაძე ასევე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამრეწველო პოლიტიკისა და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საკითხებში.

2021 წელს, კი, მან, ორ პარტნიორთან ერთად, დააარსა "ფორსაით ინვესტმენტ გრუპი".

მორჩილაძე BM.GE-სთან 1 მარტს აცხადებდა, რომ საბჭო დამოუკიდებელი იქნებოდა და ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნებოდა მიღებული.

„ჩემი და ახლად არჩეული საბჭოს ყველა წევრის საქმიანობა მიმართული იქნება საპენსიო ფონდის წარმატებული შრომის და ფუნქციონირების გაგრძელებისთვის და იმისთვის, რომ საპენსიო ფონდის დამზოგველთა ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს. საბჭოს ახლად არჩეული წევრები ზოგი საქართველოში, ზოგი უცხოეთში ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ჩვენ საინვესტიციო საქმიანობაში პროფესიონალები ვართ და ძალიან კარგად გვესმის არამარტო ეს საქმიანობა, არამედ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საპენსიო ფონდის დამზოგველების წინაშე გვაქვს. რა თქმა უნდა, მმართველობითი საბჭო დამოუკიდებელი იქნება და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ფონდის წარმატებული ფუნქციონირებისთვის და ფონდის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნება.

საპენსიოს ფონდის შექმნა და ეს რეფორმა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. აქ უკვე 6 მლრდ ლარია დაგროვილი და ფონდი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს სასახელო პროექტია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და წარმატებით იფუნქციონიროს ჩვენ ქვეყნის და მისი დამზოგველების სასარგებლოდ“, - ამბობდა მორჩილაძე.

საპენსიო სააგენტო წერს, რომ მმართველობითი საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში აგრძელებს აქტიურ მუშაობას და უახლოეს მომავალში აპირებს შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჭირო პოლიტიკის დოკუმენტები და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე. ის რჩება გამჭვირვალობის ერთგული და გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას შემდგომი სიახლეებით.

შეგახსენებთ, საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი თებერვალში დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.

2025 წლიდან, საპენსიო დანაზოგებზე პასუხისმგებელი პრემიერის დანიშნული 9 პირი იქნება - რატომაა ეს რისკი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები