საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა უკვე 6 მლრდ ლარია. 2025 წლიდან მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან, მაგრამ დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო.
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 6 მილიარდ ლარს მიაღწია
გოგა მელიქიძე, რომელიც უკვე საპენსიო სააგენტოს ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერია, ორი საბჭოს გაერთიანებას ახლაც და თანამდებობაზე ყოფნის დროსაც იწონებდა, მაგრამ მაშინაც და ახლაც რისკებს ხედავს იმაში, რომ მმართველობითი საბჭოს წევრებს მთავრობის მეთაური დანიშნავს.
რატომ დატოვა გოგა მელიქიძემ საპენსიო სააგენტო და სად გააგრძელებს საქმიანობას?
„ჩემი აზრით, ეს რგოლი ასუსტებს მმართველობითი საბჭოს დამოუკიდებლობას“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
- გოგა, თქვენ კი ირწმუნებით, რომ პოლიტიკური მოვლენების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების გამო არ წასულხართ საპენსიო სააგენტოდან, მაგრამ რადგან თქვენ მიერ თანამდებობის დატოვება დროში დაემთხვა ამ პროცესებს, გკითხავთ - რამდენად დაცულია ჩვენი 6 მილიარდი ლარის დანაზოგი ანუ ხვალ რომ „ქართულ ოცნებას“ ფინანსური რესურსის დეფიციტი გაუჩნდეს, რამდენად მარტივად შეძლებს დანაზოგების სხვადასხვა სამთავრობო პროექტისკენ მიმართვას?
- საპენსიო სააგენტოს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც ოპერირებს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა - რაღაცები დაემატა, რაღაცები გამოაკლდა. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მთავარი გამოწვევაა - ვინ იქნება მმართველობით საბჭოში, რომლის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა ანუ მაგრამ მთავარი რისკია - როგორ დაკომპლექტდება საბჭო და რამდენად შენარჩუნდება დამოუკიდებლობის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შერჩევის პროცესი ისევ ისეთი მკაცრია - ვგულისხმობ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ აქამდე საინვესტიციო საბჭოს წევრებს ნდობას უცხადებდნენ საპარლამენტო კომიტეტები და შემდეგ 5 წლის ვადით ამტკიცებდა პარლამენტი, 2025 წლიდან მმართველობითი საბჭოს წევრებს შეარჩევს შესარჩევი კომისია დაა დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, ეს რგოლი ასუსტებს მმართველობითი საბჭოს დამოუკიდებლობას და კანონში არსებული ასეთი სივრცე რისკების შემცველია. სპეკულაციისგან თავს შევიკავებ, რამდენად აისახება ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის.
- „როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული რისკების აღმოფხვრა?“ - კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მარინა გულედანმა დასვა ეს კითხვა სოციალურ ქსელში, მაგრამ დასკვნებისგან მანაც თავი შეიკავა...
- ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ამდენჯერ შევიდა ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, კიდევ ერთხელ შევიდეს და პრემიერის დანიშვნის ნაცვლად, პარლამენტმა დაამტკიცოს მმართველობითი საბჭოს წევრები.
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ამ ცვლილების ავტორი და ინიციატორი იყო ეკონომიკის სამინისტრო. რა იყო უწყების ნამდვილი მოტივაცია?
- წარმოდგენა არ მაქვს... ასეთი საკითხები თავიდან ბოლომდე ეკონომიკის სამინისტროდან მიჰყავდა. საინვესტიციო საბჭო, რომელსაც უკვე ვადა გაუვიდა, ეთანხმებოდა იმაში, რომ ორი საბჭოს (სამეთვალყურეო და საინვესტიციო) ნაცვლად, სჯობდა ერთი ბორდის არსებობა; ასევე „სხვა აქტივებში“ ინვესტირების შესაძლებლობა აქტივების გრძელვადიანი დივერსიფიკაციისთვის, საინვესტიციო საბჭოსგან მოდიოდა, თუმცა მმართველობითი საბჭოს დანიშვნა-დაკომპლექტების წესები ჩვენი დისკრეცია არ იყო.
- თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა და ქვეყანა აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს. შესაბამისად, „ოცნების“ მთავრობას ფულის რესურსის საჭიროება გაუჩნდება. ამ ვითარებაში რამდენად მშვიდად უნდა ვიყოთ საპენსიო ფონდის ბენეფიციარები, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრები პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევიან?
- კარგი კითხვაა... ამ ეტაპზე ამის არანაირი მზღვეველი არ არსებობს. ამდენად, მთავარია, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობა და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი როგორი იქნება...
- ანუ ჩვენი საპენსიო დანაზოგები, რომელიც დღეს 6 მლრდ ლარია, მყიფედ არის დაზღვეული?
- იცით, ამ თანხის 80% ინვესტირებულია ლარში და მთელი პორტფელის 60% დეპოზიტებში დევს. ხვალ რომ მოუნდეს მმართველობით საბჭოს, ხელი მოჰკიდოს დანაზოგების 15%-ს და სადღაც სხვა პროექტში წაიღოს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს თანხები ინვესტირებულია და მაშინ დეპოზიტები უნდა გაყიდოს...
- და ზეგ შეძლებს?
- ყოველთვე, დეპოზიტების რაღაც ნაწილს ვადა გასდის. ასევე, კონტრიბუციები შედის ფონდში - თვეში სადღაც 200 მლნ ლარის ლიკვიდურობა შემოდის, რომლის დაბანდება ხდება. აქედან გამომდინარე, მართალია, ფონდში 15%-ის ინვესტირება შეიძლება არალიკვიდურ აქტივებში/“სხვა აქტივებში“, მაგრამ ზეგ ამის გაკეთების ალბათობა დაბალია, თუმცა ეს თანხა ნელ-ნელა დაგროვდება. ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება სწორია, თუ ის ჯანსაღია და შეუძლია, კარგი ამონაგები მოგცეს, რაც არის მთავარი საინვესტიციო მიზანი, მაგრამ მთავარი პრობლემაა ის, რომ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში მე არ მახსენდება წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითები. აქედან გამომდინარე, ჩვენი საინვესტიციო სამსახურის მიდგომა იყო შემდეგი, რაც კანონშიც არის გაწერილი, როგორც "ჩამკეტი" - თუ მსგავსი შემოთავაზება იქნებოდა მთავრობისგან, პროექტში უნდა მონაწილეობდეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები - პირობითად, EBRD, ADB და ა.შ.
- გასაგებია, მაგრამ თუ „ოცნებამ“ მოინდომა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონიდან მსგავსი ჩამკეტის გაუქმებას რა უნდა?! თან როცა ვხედავთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდნენ...
- თუ კანონში ცვლილებები შეიტანეს, ყველა ჩამკეტს ამოაგდებენ...
- მოკლედ, რისი იმედი გვქონდეს 6 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგის მფლობელებს?
- ჩემი აზრით, მოსახლეობაც, მედიაც, რამე თუ ეს ჩვენი ფულია, უნდა დავაკვირდეთ ვინ იქნება მმართველობით საბჭოში - საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის ყველაზე კრიტიკული. ის უნდა დაკომპლექტდეს ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტისგან გათავისუფლებული პროფესიონალებით.
- თქვენი ინფორმაციით, საინვესტიციო საბჭოს წევრები, რომელთაც ვადა უკვე გაუვიდათ, ხომ არ აპირებენ კონკურსში მონაწილეობას? თუ არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებითაც, შეიძლება თავი შეიკავონ?
- არ ვიცი, არსებული საბჭოდან ვინმე თუ ფიქრობს გადასვლას [მმართველობით საბჭოში]. მათ ადგილას შევეცდებოდი და კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი, რადგან აქამდე ერთად ავაშენეთ საპენსიო სისტემა და კარგი იქნება თუ გააგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ თავიდან ბოლომდე მათი გადასაწყვეტია. საქართველოშიც გვყავს კვალიფიციური ხალხი და გამიხარდება თუ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას..
- თუმცა ადგილობრივი კეთილსინდისიერი პროფესიონალები, საქართველოს მოქალაქეებს ვგულისხმობ, ალბათ კიდევ უფრო დაფიქრდებიან ასეთი ტვირთის აღებისას...
- თუ მმართველობითი საბჭოს წევრების პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი მოიხსნება ანუ ეს ჩანაწერი გაუქმდება, ალბათ უფრო მეტს ექნება ინტერესი.