საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცრის და კომპანია Reformatics-ის წარმომადგენლის შეფასებით, საბჭოს შემადგენლობის დიდი ნაწილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. თუმცა გოგა მელიქიძის თქმით, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტთან და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, კითხვები მათ შორის იმ ნაწილში ჩნდება, რომ საბჭოს შერჩეული წევრებიდან ერთ-ერთს თავად აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, ასევე ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე ჩართულია კერძო აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობაში, ერთიც კი ყოფილი საჯარო მოხელეა.
„საპენსიო ფონდის საბჭოს დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საბჭოს ამ შემადგენლობაზე რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ინტერესთა კონფლიქტები არ უნდა იყოს. მაგალითად, გია მორჩილაძე. მას კარგად ვიცნობ, ძალიან გამოცდილი და ძლიერი ფინანსისტია. თუმცა თან აქტივების მმართველ კომპანიაში (Foresight Investment Group) იყო და თან საპენსიო სააგენტოში, ეს ინტერესთა კონფლიქტია. მმართველობითმა საბჭომ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. მაიკლ რიდლი აქამდეც იყო საინვესტიციო საბჭოში და კარგია, რომ ახლაც იქნება. ასევე ჟან-ფრედერიკ პოლსენიც რჩება საბჭოში და ესეც კარგია. თუმცა მასაც ბევრი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ესეც გარკვეულწილად ინტერესთა კონფლიქტის საფუძველს აჩენს. თუმცა ის აქამდეც იყო საბჭოში და ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმედია ასეც გაგრძელდება. მესამე უცხოელ წევრს არ ვიცნობ, თუმცა CV-დან გამომდინარე, კარგია. რაც ყველაზე მთავარია, საბჭოში არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი და მეორე - ის დამოუკიდებელი უნდა იყოს, რადგან ეს საპენსიო დანაზოგები ამ ქვეყნის მოსახლეობისაა.
ჩემს ხელში რომ ყოფილიყო ეს საკითხი, საბჭოს ისე დავაკომპლექტებდი, რომ მას არ ჰქონდეს არანაირი აფილირება საქართველოსთან ან ინვესტიციის ნაწილში ან აქტივების ნაწილში. საქართველოში მუშაობდეს ადამიანი ფინანსურ სექტორში, აქტივების მართვაში და თან საპენსიო სააგენტოს საბჭოში იყოს, ეს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. კარგი იქნებოდა, რომ საბჭო მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროფესიონალებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, კარგი იქნებოდა, რომ ეს ძირითად უცხოელები ყოფილიყვნენ და ქართველების შემთხვევაში, მინიმალური ინტერესთა კონფლიქტი და ბმა ყოფილიყო ქვეყანასთან ინვესტიციების ნაწილში. ასევე კარგი იქნებოდა, რომ ბორდის წევრები ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკები არ ყოფილიყვნენ. პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ეს განსაკუთრებულად ხელს შეუშლის, მაგრამ ეს არაა მიზანშეწონილი საერთაშორისო სტანდარტით.
თუ საბჭოს წევრი ყოფილი საჯარო მოხელეა, ან ანალოგიურ ბიზნესში მუშაობს, ასევე საქართველოში ბევრი ინვესტიცია აქვს, როგორ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ეს ბორდი დამოუკიდებელი ან ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი იქნება? კარგი იქნებოდა, რომ ცოტა სხვა სტრუქტურის საბჭო ყოფილიყო, უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხით. თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
მისი შეფასებითვე, მმართველობითი საბჭოს მთავარი ამოცანაა, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირება საპენსიო ფონდის მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს.
“მმართველობითი საბჭო საპენსიო ფონდის მონაწილეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და არა სახელმწიფოს ან ეკონომიკის ინტერესების მიხედვით. ამას დავამატოთ ის გარემოება, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისია მოსალოდნელი. ამ დროს, მმართველობითი საბჭოს დამოუკიდებლობაზე კითხვის ნიშანი იყოს და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, კიდევ უფრო მეტი ცდუნება ჩნდება, რომ ამ თანხების არა მონაწილის საუკეთესო ინტერესების მიხედვით ინვესტირდეს. ამ ნაწილში საბჭომ კიდევ უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს”, - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს მე-9 წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძე იქნება.




























