საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 1,388,594 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. 2024 წლის განმავლობაში საპენსიო ფონდის ზომა 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივები წლების განმავლობაში ასე იზრდებოდა:
- 2019 წლის 1 იანვარი - 0 ლარი;
- 2020 წლის 1 იანვარი - 505 მილიონი ლარი;
- 2021 წლის 1 იანვარი - 1,164 მილიონი ლარი;
- 2022 წლის 1 იანვარი - 1,983 მილიონი ლარი;
- 2023 წლის 1 იანვარი - 2,947 მილიონი ლარი;
- 2024 წლის 1 იანვარი - 4,354 მილიონი ლარი;
- 2024 წლის 5 დეკემბერი - 6,001 მილიონი ლარი.
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რაც მოქალაქეთა ხელფასის 6%-ის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მიმართვას გულისხმობს. სისტემის ფარგლებში იმ პირებს, რომლებიც კანონის მიღებისას, ანუ 2018 წლის აგვისტოში 40 წელს ზემოთ იყვნენ, მიეცათ საშუალება საკუთარი განცხადების საფუძველზე სისტემიდან გასულიყვნენ, ყველა სხვა პირი კი სავალდებულო წესით მონაწილეობს საპენსიო სისტემაში. მოქალაქეები დაგროვებულ პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ (ქალები 60 წლიდან, კაცები 65 წლიდან) საბაზო სახელმწიფო პენსიასთან ერთად მიიღებენ.
არსებული მდგომარეობით საპენსიო აქტივების 99% განთავსებულია დაბალრისკიან საპენსიო პორტფელში, ამ თანხის 58.9% განთავსებულია ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 17% გლობალურ აქციებში, 15.6% საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 3.2% ბანკების მიმდინარე ანგარიშებში, 1% ქართული კომპანიების ობლიგაცეიბში, 1% კი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში.