ეკონომიკური კრიზისის ციცაბოს წინაშე ვდგავართ, საიდანაც შეიძლება, უცებ ჩავსრიალდეთ და იქიდან ამოსვლა რთული იქნება“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გოგა მელიქიძე, რომელიც უკვე ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის გუნდის წევრია, მიიჩნევს, რომ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც ახლა ქვეყანაშია, „ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება სიტუაციას განმუხტავდა. „ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, საქართველოში ფულის ჩადება ვინმეს ურჩიო“, - თქვა გოგა მელიქიძემ და ისაუბრა რით განსხვავდება ძველი ეკონომიკური კრიზისები, რომელსაც ქვეყანაზე ჰქონდა გავლენა, დღევანდელი სიტუაციიისგან.
- რა კრიზისები გამოუვლია? საქართველოს? - 2008 წლის ომი; 2008 წლის მეორე ნახევარში გლობალური ფინანსური კრიზისი; 2013 წელს ლარის დევალვაცია, რომელიც თურქული ლირიდან გადმოგვეცა; 2015 წელს იყო ნავთობის კრიზისი რეგიონში, 2020 წელს covid-პანდემია და ინფლაცია, შემდეგ კი რეგიონში [რუსეთ-უკრაინის] ომი... ყველა ეს კრიზისი იყო გარედან მოსული და ამას ქვეყანა ხვდებოდა თავისუფალი გაცვლითი კურსით და „ფულის აწევის“ არხებით დასავლური ორგანიზაციებიდან - IMF იქნებოდა ეს თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტები. გვახსოვს, covid-ის დროს, როგორ ჩაგვერიცხა თანხები და მარტივად გამოვძვერით. ახლა როგორი კრიზისი გვაქვს? - ახლა გვაქვს ქვეყნის შიგნიდან წამოსული კრიზისი, რომლის მსგავსი აქამდე არ გვქონია და ამავდროულად, ამ კრიზისს ვხვდებით „ფულის აწევის“ დაზიანებული არხებით...
- ყველა საერთაშორისო პარტნიორს ვეჩხუბეთ...
- ზუსტად და გრძელდება და გრძელდება ეკონომიკის იზოლაცია. ყოველდღე ახალი იზოლაციის ქარტეხილში ვეფლობით.
- რამდენად სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში შედის ქვეყანა, თუ სიტუაცია არ განიმუხტა?
- ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ კრიზისში შედის ქვეყნის ეკონომიკა და თან ინსტრუმენტები ნაკლები გვაქვს... გიჟივით „ვიჭერთ“ ლარის კურსს და არ ვიცით, ხვალ, ეს როგორ ეფექტს მოგვცემს...
- თან თავს ვაჯერებთ, რომ ერთჯერად ფაქტორების გამო უფასურდება ლარი და არა ფუნდამენტური მიზეზებით...
- ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის... თან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხის მოზიდვის არხებში დასუსტებულები ვართ. ვიცით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეგვიმცირა. შემდეგ რას იზამს? - მართალია, საკმაოდ მოკრძალებული იყო პრესრელიზი, მაგრამ ხაზებს შორის ბევრი რამ იკითხებოდა - შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გადახედვა, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთიც, ლარის ნებისმიერი მერყეობა კი, ინფლაციურ ფონს ზრდის. მინიმუმ ამ მიმართულებით წავალთ - მივიღებთ ინფლაციურ ფონს, დაწოლას ლარის კურსზე და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს.
- რა სჭირდება საქართველოში სიტუაციის განმუხტვას და განვითარების გზაზე დაბრუნებას?
- ჩემი აზრით, ხალხის მოთხოვნა თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების ციხიდან გამოშვება. ეს განმუხტავდა სიტუაციას... ეკონომიკური კრიზისის ციცაბოს წინაშე ვდგავართ, სადაც შეიძლება უცებ ჩავსრიალდეთ და მერე იქიდან ამოსვლა უკვე რთული იქნება. ამდენად, ეს ორი მოთხოვნა დაამშვიდებდა და ცოტათი განმუხტავდა გადახურებულ სიტუაციას; სხვა შემთხვევაში ვეფლობით და ვეფლობით [კრიზისში].
- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელ კრიზისზე ქართულმა ბიზნესმა უფრო ხმამაღლა ხომ არ უნდა ისაუბროს - ვხედავთ www.freebusiness.ge -ზე თავისუფალი ბიზნესების აქტიურობა საკმაოდ მაღალია...
- მე ძალიან მომწონს ეს პლატფორმა... ვფიქრობ, ბიზნესი ამ პროცესს ცალსახად შეუერთდება. „მაგთი“ და სხვა არაერთი დიდი კომპანია შეუერთდა მოთხოვნებს და სხვა ამაზე მსხვილი ვინ გვინდა?! ბიზნესი ყველაზე სწრაფად გრძნობს [მოსალოდნელ კრიზისს] და ნელ-ნელა ალბათ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი გააქტიურდება. თან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურას რომ შევხედოთ - გვაქვს სამომხმარებლო ეკონომიკა და მომხმარებლის ეროზიული დამოკიდებულება, ეკონომიკა [მალე] აისახება...
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ ასეთ გაუთავებელ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ყველაფერს აზიანებს. თუ ქვეყნის გარეთ დგას 200 000 კაცი და ითხოვს რაღაცას, მინიმუმ ხალხს უნდა მოუსმინოს პასუხისმგებლიანმა ხელისუფალმა და გაითვალისწინოს მისი მოთხოვნები. ასეთ პროცესი, პირველ რიგში, ეკონომიკას აზიანებს და შემდეგ ზიანდება ყველა.