საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, საბჭოს შემადგენლობის დიდი ნაწილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. თუმცა გიორგი ხიშტოვანის თქმით, იკვეთება დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მმართველობითი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიშნნენ და ასევე მის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი, აჩენს რისკს, რომ საბჭო საინვესტიციო გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ვერ იქნება.
“მმართველობითი საბჭოს წევრების ნაწილს ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს, ნაწილის შემთხვევაში შედარებით ნაკლები გამოცდილება ჩანს. ზოგადად, 1-2 წევრის გარდა, ჩემი აზრით, შესაბამისობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ის გარემოება, რომ საბჭოს წევრები დანიშნული და შემდეგ ანგარიშვალდებულები არიან მთავრობასთან და [მათ დანიშვნაზე] უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას, ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პოტენციური რისკები საპენსიო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით.
უფრო კონკრეტულად, ჩვენ ვიცით, საქართველოს როგორ აკლია კაპიტალი ახალი მსხვილი პროექტებისთვის. ფაქტობრივად, წინა პარლამენტმა ყველა საფუძველი შეუქმნა შედარებით ნაკლებად ავტონომიურ საბჭოს, რომ საპენსიო სააგენტო ჩაერთოს სახელმწიფო პროექტებში და მსგავსი ტიპის პროექტები დააფინანსოს. როდესაც ეს საბჭო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერთან, რომელიც ამავდროულად ინიციატორი იქნება სახელმწიფო პროექტების, ჩემ თვალში, ეს ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტის რისკის მატარებელია.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრთან და არა პარლამენტთან, ვხედავ რისკს, რომ საბჭომ ლოიალობის მზაობა გამოიჩინოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მთავრობისთვის იქნება სასურველი და არა საპენსიო დანაზოგების შემქმნელი დასაქმებულებისთვის“, - განაცხადა გოგა ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს მე-9 წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძე იქნება.