მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად ახალ ტენდერს გამოაცხადებს

639066104a721
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.22 09:59
1059
საქართველოს საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს ამჟამად “საქართველოს ბანკი” ასრულებს. როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივლისში გასდის, ამიტომაც ორგანიზაცია უკვე ამზადებს ახალ ტენდერს, რომლის გამოცხადებაც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იგეგმება.

საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმში წერია:

“საინვესტიციო საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული სპეციალიზებული დეპოზიტარული ხელშეკრულების (SDA) პირობები, რომლის ვადის გასვლის თარიღია 2023 წლის 31 ივლისი. საბჭომ აღნიშნა, რომ მომდევნო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად, კონკურსი საჭიროა ჩატარდეს ამჟამინდელ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, რათა SDA-ის ვადის ამოწურვისას შერჩეული იყოს სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამონაცვლე, რომელიც ამავდროულად მზად იქნება გასწიოს შესაბამისი მომსახურება. საინვესტიციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ახალი კონკურსისთვის წინადადების შეთავაზების დოკუმენტი (RFP) უკვე მზადების პროცესშია, ხოლო თავად კონკურსის გამოცხადება 2022 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. დამატებით აღინიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბჭო იწვევს ყველა პოტენციური მონაწილეს, მათ შორის, ამჟამინდელ სპეციალიზებულ დეპოზიტარს და წინა კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც შეეძლებათ გამოხატონ ინტერესი ახალ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საბჭოს სხდომაზე აღნიშნა ისიც, რომ მოქმედი SDA-ის შესაბამისად, უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა უნდა მოამზადოს და საბჭოს წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარის წლიური შეფასება. ამის გათვალისწინებით, უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა საინვესტიციო საბჭოს წევრებს გაუზიარა, SDA-ის ძალაში შესვლის თარიღიდან, სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული მომსახურების მისი შეფასება.

გადაწყვეტილება

საინვესტიციო საბჭომ საინვესტიციო სამსახურს მოსთხოვა, სათანადო მხარდაჭერა გამოხატონ ახალი RFP-ის საბოლოო ფორმის შესამუშავებლად იმისათვის, რათა მომდევნო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის ბოლოსთვის. საინვესტიციო საბჭომ ცნობად მიიღო უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ წარმოდგენილი სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ყოველწლიური შეფასება.”

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში სულ 2.87 მილიარდი ლარია განთავსებული, რაც 1.3 მილიონი დასაქმებულის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.
საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები