საპენსიო სააგენტომ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ასევე სარეთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის.
სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას.
"სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საფენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება. აღსანიშნავია რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას და საპენსიო სააგენტოს წინასწარი შერჩევის შემდეგ, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შესრულების მსურველმა ორგანიზაციამ შესაბამისი ავტორიზაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. შერჩევისა და დანიშვნის პროცესის დასრულება მოსალოდნელია 2020 წლის მე-2 კვარტალში", – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი სატენდერო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია ტენდერში მონაწილეობის დეტალური პირობები, მოცემულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე - https://tenders.procurement.gov.ge, „საპენსიო სააგენტო“-ს ან „განცხადების ნომერი: GEO200000002“-ის ძიებით. ყველა დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტის მოსაძიებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნულ ვებ გვერდზე.
ცნობისთვის: 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საპენსიო სააგენტოში აკუმულირებულია 570 მილიონი ლარი, დარეგისტრირებულია 61 299 კომპანია და 961 291 უნიკალური მონაწილე.