მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო დანაზოგი დინამიკურ და დაბალანსებულ პორტფელებში 10 000-მდე მოქალაქემ გადაიტანა

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, კონსერვატიული პორტფელიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში საკუთარი საპენსიო დანაზოგი 9,868 მონაწილემ გადაიტანა.

როგორც BMG-ისთვის საპენსიო სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, დინამიკურ პორტფელში აქტივები 4,723-მა ბენეფიციარმა გადაიტანა, ხოლო დაბალანსებულ პორტფელში - 5,145 მონაწილემ.

როგორ შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის დაბალრისკიანიდან მაღალრისკიან [დინამიკურ] პორტფელში გადატანა? - გზამკვლევი

„შედეგად, ამ პორტფელების ჯამურმა მოცულობამ, 31 იანვრის მდგომარეობით, 70 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივით, “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2023 წელს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, 2028 წლის 1 იანვრამდე, დაბალრისკიან პორტფელში განთავსდა ყველა იმ ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, რომლებმაც 2023 წლის 6 სექტემბრამდე პორტფელის რისკიანობის არჩევანი არ გააკეთეს, ნაცვლად იქამდე მოქმედი კანონისა, როცა საპენსიო სქემაში გაწევრების მომენტში 40 წლამდე მოქალაქეების დანაზოგები, ბენეფიციარის მიერ არჩევანის არგაკეთების შემთხვევაში, ავტომატურად მაღალრისკიან ანუ დინამიკურ პორტფელში ინვესტირდებოდა.

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს მიაღწია. საგულისხმოა, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი, 99% კვლავ კონსერვატიულ ანუ ნაკლებრისკიან პორტფელშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები, შესაბამისად, 16.4% და 14.3% იყო.

„საკანონმდებლო ცვლილებებმა საპენსიო სააგენტოს მონაწილეებს გაუხანგრძლივა თავისუფალი საინვესტიციო პორტფელების არჩევანის უფლება და მისცა რესურსი, მათთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ყოველწლიურად შეცვალონ. ამასთან, საპენსიო სააგენტო ყოველდღიურ მომართვიანობას აკვირდება და რეალურ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოხმაურების ტენდენციის შიდაუწყებრივი კვლევა და მუდმივი დიაგნოსტიკა ვაწარმოოთ. ბოლო პერიოდის მონაცემთა ანალიზით პოზიტიური უკუკავშირი საგრძნობლად მაღალია და ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი უმეტესწილად დაგროვებითი პენსიის მიმღებთა რაოდენობამ და მათი მხრიდან დადებითმა გამოხმაურებამ განაპირობა. ამ პროცესმა რეალური სარგებლის განცდა გააჩინა მოსახლეობაში, გაზარდა სანდოობა, როგორც საპენსიო სააგენტოს მიმართ, ასევე დაზოგვის როგორც ახალი გამოცდილების მისამართით“, - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში, რომელსაც BMG-მ კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- 2023 წლის ზაფხულიდან დღემდე, საპენსიო სააგენტომ რა სახის საინფორმაციო კამპანია ჩაატარა და/ან აპირებს, წელს ჩაატაროს, რათა მოქალაქეები უკეთ იყვნენ ინფორმირებული საინვესტიციო პორტფელებს შორის განსხვავებებზე, ასევე რისკებისა და სარგებლის შესახებ?

- საპენსიო სააგენტომ ამ ეტაპზე დააიდენტიფიცირა სამიზნე სეგმენტი და ინფორმირებულობის დონის ზრდის მიზნით განსაზღვრა შესაბამისი აქტივობები. ინტენსიურად ვახორციელებთ შეხვედრებს ბიზნეს სექტორთან, ბიზნეს მედიასთან, ექსპერტებთან, ასოციაციებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და ბუღალტერთა ჯგუფებთან. ქვეყნდება ყოველთვიური ანგარიშები, ოქმები და სიახლეები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყოველი თვის აქტივობები და სტატისტიკური მონაცემები, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ასევე საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ნაწილი. მოცემულ პერიოდში, 1200-ზე მეტი სიახლე გამოქვეყნდა, როგორც სატელევიზიო ასევე საინფორმაციო ვებგვერდების მეშვეობით. ჩატარდა 20-ზე მეტი შეხვედრა, როგორც ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, ასევე ინტერესჯგუფებთან ინტერაქციულ სივრცეებში. კომფორტული მომსახურებისთვის სერვისების ნაწილიც გაფართოვდა და იუსტიციის 123 ფილიალში და საპენსიო სააგენტოს ოფისში ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა N14-ში მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით აქვთ საშუალება შეუფერხებლად მიიღონ საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისი. მომსახურებით ისარგებლა და ინფორმირებული პასუხი მიიღო 210 000-ზე მეტმა ადამიანმა.

- როგორც ვიცით, USAID-ის თუ სხვა დონორის დახმარებით იგეგმებოდა აპლიკაციის შექმნა, რომლითაც ბენეფიციარს პორტფელის შეცვლა ონლაინ შეეძლებოდა. რა ეტაპზეა აღნიშნული?

- მობაილპლატფორმის აწყობასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სამუშაო პროცესები და მოსახლეობას შემდგომში ეცნობება სიახლე მის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

საპენსიო დანაზოგი ₾6.3 მილიარდია - რა ამონაგები დაერიცხა აქტივებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები