საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.4 მილიარდ ლარს აჭარბებს - ეს თითქმის 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს წარმოადგენს. ამ თანხიდან 842 მილიონი ლარი ($317 მილიონი დოლარი) განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ინდექსებში, რაც მთლიანი საპენსიო დანაზოგების პორტფელის 18.8%-ია.
საპენსიო სააგენტოს 2024 წლის იანვრის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფონდს ყველაზე დიდი დაბანდებები გაკეთებული აქვს აშშ-ის წამყვან საფონდო ინდექს S&P 500-ში, რომელიც ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის აქციებს აერთიანებს და ინვესტორთა მხრიდან განსაკუთრებული ნდობით გამოირჩევა. ამასთანავე, ფონდს ინვესტიციები განხორციელებული აქვს განვითარებადი ბაზრების, აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის წამყვან საფონდო ინდექსებში.
ამ ინდექსების წილი ფონდის ინვესტიციებში და ბოლო 6 თვეში მათი ზრდა/კლება ასეთია:
ინდექსის სახელი | თანხა | ზრდა/კლება ბოლო 6 თვეში |
SPDR S&P 500 ETF Trust (SPY) | ₾357 მილიონი | +12.4% |
Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) | ₾158 მილიონი | +2.47% |
Vanguard FTSE Europe ETF (VGK) | ₾146 მილიონი | +1.62% |
Vanguard FTSE EM Markets ETF (VWO | ₾100 მილიონი | -1.74% |
iShares Latin America 40 ETF (ILF) | ₾67 მილიონი | +1.11% |
Franklin FTSE Canada ETF (FLCA) | ₾16 მილიონი | +5.04% |
ეს ინდექსები ჯამში 9,800-ზე მეტი კომპანიის აქციებს აერთიანებენ.