მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტება უნდა გადაიდოს - მარინა გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი უნდა გადავადდეს. მისი თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში მმართველობითი საბჭოს კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტება შეუძლებელი იქნება.

"2024 წლის 11 დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით. განაცხადების მიღების ვადა სამი დღის წინ, 2025 წლის 10 იანვარს ამოიწურა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება არ მომხდარა, მიმდინარეობს მაღალჩინოსნების სანქცირება აშშ-ს მიერ და გაურკვეველია რა მოხდება ქვეყანაში მომდევნო თვეების განმავლობაში, მმართველობითი საბჭოს შესარჩევ კონკურსში არ უნდა ველოდოთ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროფესიონალების მონაწილეობას. ამ მოლოდინს ასევე ამყარებს აშშ-ს მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ნათია თურნავას სანქცირების რისკი. ვინაიდან მმართველობითი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი წევრობა ასევე სარისკოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთეული წევრების არასაკმარისი გავლენის ქონის პირობებში. ამას ნებისმიერი მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალი მოერიდება.

უნდა ველოდოთ, რომ საპენსიო აქტივების მართვის პროცესში მმართველობითი საბჭოს წევრებს გაუჩნდებათ ინტერესთა კონფლიქტი, განსაკუთრებით კრიზისში შემავალი ეკონომიკის პირობებში. ამ ეტაპზე ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლისთვის "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე კანონის და შესაბამისად საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა. ამას ადასტურებს როგორც დე ფაქტო აღმასრულებელი ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა და ის უკანონობა, რომლის მოწმეც ყოველდღიურად ვართ. საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ და სამართლებრივ სტატუსზე ისედაც ყველაფერი ცხადია. ინტერესთა კონფლიქტი ასევე ექნება ეროვნულ ბანკს, როგორც საპენსიო ფონდის მარეგულირებელს იმ პირობებში, როდესაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ნულოვანია.

არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების ფონზე შერჩეული მმართველობითი საბჭოს წევრები სრულად გაიზიარებენ იგივე დამოკიდებულებას პოლიტიკური ესტაბლიშმენტის მიმართ. შესაბამისად, ამ პირობებში მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტება მაღალი რისკის შემცველია და ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაიდოს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით!" - წერს მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები